საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა"

30 მარტი 2024

30 მარტს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია - "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა". ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ასოციაცია "ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის" ფარგლებში ტარდება.

 

ლექციას წარუძღვება ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის (შვედეთი) და კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი.

 

მოდერატორები: გიგა მამინაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ანა ბერია - კინგსტონის უნივერსიტეტი, მოდერნული ევროპული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრი.

 

ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა შემოიფარგლება მხოლოდ კეთილდღეობის საკითხებით. მაგრამ შეიძლება თუ არა პოლიტიკური ეკონომიკა აყალიბებდეს სხეულებს, ქცევას, კულტურას, სურვილს და სექსუალობასაც კი? ამ მოხსენებაში ქეთი ჩუხროვი შეადარებს  ეკონომიკის ლიბიდინურ და არალიბიდინურ ფორმებს და განიხილავს ეკონომიკის გავლენას კოლექტიური სურვილის და კულტურული ჰორიზონტის ჩამოყალიბებაზე. ეს და სხვა საინტერესო საკითხები განხილული იქნება შეხვედრაზე.

 

ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (შვედეთი). 2022-2023 წლებში იყო კარლსრუეს ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2022 წლის ნოემბრამდე მუშაობდა პროფესორად ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (მოსკოვი), ფილოსოფიისა და კულტურის სკოლაში. 2017-2019 წლებში იყო მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიატი დიდ ბრიტანეთში.

 

მას ეკუთვნის მრავალი ტექსტი ხელოვნების თეორიისა და ფილოსოფიის შესახებ. მისი წიგნი „Practicing the Good. Desire and Boredom in Soviet Socialism" (2020) განიხილავს სოციალისტური პოლიტიკური ეკონომიკის გავლენას ისტორიული სოციალიზმის კულტურასა და საზოგადოებაზე. მის წიგნებს შორისაა მონოგრაფიები: “To Be—To Perform''. თეატრი ხელოვნების ფილოსოფიურ კრიტიკაში (2011) და დრამატული პოემების კრებული: ,,მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები'' (2010).  მისი კვლევითი ინტერესები და პუბლიკაციები ეხება პერფორმატიულობის ფილოსოფიას, კაპიტალისტური და არაკაპიტალისტური საზოგადოებების შედარებით ეპისტემოლოგიებს, და ხელოვნებას, როგორც გლობალური თანამედროვეობის ინსტიტუტს.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.