26-30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა-წერეთელმა და ფსიქოლოგიის პროგრამის ასისტენტ-პროფესორმა სოსო დოლიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულში, რომელიც, Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)” ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა შეიმუშავეს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაიდლაინები და დაადგინეს პროფესიული ეთიკის ნორმები, რომლებიც სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში დასაქმებულ ფსიქოლოგებს შეეხება. ასევე, ჩამოყალიბდა სუპერვიზიის და ინტერვიზიის მექანიზმები და შემუშავდა კონსულტანტის პროფესიული განვითარების სქემა. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ქართული, პოლონური და რუმინული უნივერსიტეტების, ასევე თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების შემუშავება, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.