პროექტ Integrity-ის დასკვნითი ღონისძიება

8 ოქტომბერი 2020

5 ოქტომბერს, პროექტ Integrity-ის ფარგლებში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ. კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერა აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას.

 

კონფერენცია Erasmus+CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში Integrity“ დასკვნითი ღონისძიება იყო.

 

კონფერენციაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხები და პროექტით მიღწეული შედეგები. კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა ეკა აკობია, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი. მან იმსჯელა აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის ეფექტური სტრატეგიების შესახებ.

 

6-7 ოქტომბერს კი ჩატარდა პროექტის მენეჯმენტის შეხვედრა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ჩოკორაიამ ისაუბრა მიღწეული შედეგების მდგრადი განვითარების გეგმებზე.

 

პროექტში მონაწილეობდა 12 ქართული უნივერსიტეტი (კოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი, 4 ევროპული უნივერსიტეტი (როეჰემპტონის, უფსალას, ვენისა და დუბლინის უნივერსიტეტები), ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.