2023 წლის 9 ნოემბერს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ ‘ (MES-CIF-1-22) ფარგლებში გაიმართა საწყისი შეხვედრა (Kick-off) კავკასიის უნივერსიტეტსა და პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. შეხვედრას უმასპინძლა პროექტის კოორდინატორმა - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SJSU), შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჯორჯ ვაშინგტონის (GWU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის წარმომადგენლებმა.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები კერძო და საჯარო სექტორიდან, CIF-ის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. შეხვედრა გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (SJSU) რექტორმა ქალბატონმა მაკა ბერიძემ და წარმატება უსურვა პროექტის მონაწილეებს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბურდულმა წარადგინეს პრეზენტაციები პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ასევე ისაუბრეს ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს პროექტი სთავაზობს ორივე უნივერსიტეტს.
შეხვედრის მეორე ნაწილი ონლაინ რეჟიმში წარიმართა, სტუმრებს მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ირენა მელუამ და წარადგინა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის (OIE) წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს მათი გამოცდილება და საქმიანობა მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, ასევე ისაუბრეს პროექტში მათ როლსა და გეგმებზე.
პროექტი „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ მიზნად ისახავს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების განვითარებას საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენების, სტრატეგიული მიზნების განახლებისა და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით. პროექტის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი (OIE), რომელიც თავის მხრივ ქართულ უნივერსიტეტებს გაუზიარებს გამოცდილებას და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უნივერსიტეტის რესურსების ინდუსტრიასთან დაკავშირების საქმეში.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში.