14-15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა მეორე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციას “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“ უმასპინძლა.
კონფერენცია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც თავის მხრივ, პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.
ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ 10-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა - ირენა მელუამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა - ერეკლე ასტახიშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ - ლაშა მარგიშვილმა.
კონფერენციაზე მონაწილეების წინაშე პლენარული მოხსენებით წარსდგა თომას იორგენსენი - ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პოლიტიკის კოორდინაციისა და პროგნოზირების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც ინოვაციების განვითარებაში უნივერსიტეტების როლსა და მესამე მისიის განხორციელების ფარგლებში მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, მან საზოგადოებას წარუდგინა კონცეფცია “უნივერსიტეტები კედლების გარეშე 2030” (Universities without Walls 2030).
კონფერენციის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პანელურ დისკუსიებსა და პარალელურ სესიებში, მოესმინა და გაეზიარებინა გამოცდილება როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული ინსტიტუციების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა უნივერსიტეტების სოციალური ჩართულობის გასაძლიერებლად; მესამე მისიასთან დაკავშირებული პოლიტიკები და პრაქტიკები სახელმწიფო დონეზე; მესამე მისიასთან დაკავშირებული პრაქტიკები ინსტიტუციურ დონეზე; უნივერსიტეტების როლი სოციალურ განვითარებაში; უნივერსიტეტი-ინდუსტრია-სახელმწიფოს თანამშრომლობა საზოგადოების განვითარებისთვის; ცოდნის დემოკრატიზაცია; უნივერსიტეტისა და საზოგადოების თანამშრომლობა; უნივერსიტეტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისას; მესამე მისიის ხარისხის უზრუნველყოფა.
ასევე, მონაწილეებმა განიხილეს არსებული საჭიროებები ქართული უნივერსიტეტების სოციალური ჩართულობის აქტივობების ხარისხის გასაუმჯობესებლად. დამატებით, SQUARE პროექტის კონსორციუმის წევრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მესამე მისიის ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერებასთან დაკავშირებით.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სემინარს დოქტორანტებისთვის თემაზე: "მომავლის ფორმირება: სადოქტორო განათლება და სამოქალაქო მეცნიერება საქართველოში." სემინარი ჩატარდა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში (პროექტის კონსორციუმის ქართული უნივერსიტეტები არიან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციას, მოისმინეს სადოქტორო განათლების შესახებ კვლევის შუალედური შედეგები, რომელიც კვლევის ხელმძღვანელმა - მიდლსექსის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლ გიბსმა წარადგინა.
სემინარზე პლენარული მოხსენებით წარსდგა საიმონ მარტი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც უნივერსიტეტების მესამე მისიის როლსა და სადოქტორო განათლების ურთიერთკავშირზე ისაუბრა.