საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროექტი “საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში", USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის გრანტით დაჯილდოვდა.
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) საჯარო მართველობის პროგრამების უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს აახლებს ახალ დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით. სკოლა მიზნად ისახავს 2024 წლის დეკემბრისთვის უზრუნველყოს პროგრამის სასწავლო გეგმის შესაბამისობა უახლეს კრიტერიუმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - “საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში” საშუალებით.
პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. გამოდინარე იქედან, რომ ქვეყანა ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, საჯარო მმართველობის რეფორმები დიდ როლს ასრულებს ამ პროცესში, რაც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციასთანაც ფუნდამენტური რეფორმების შესახებ, მათ შორის საჯარო მმართველობის მიმართულებით.
პროექტის ძირითადი მიზანი მკაფიოა: მაღალკვალიფიციური საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე ცოდნა და უმაღლესი სტანდარტები. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს მმართველობასა და ანგარიშვალდებულებას, არამედ ხელს შეუწყობს ეფექტურ საჯარო მმართველობას შესაბამის პრინციპებზე დაყრდნობით.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს შემდეგ გეგმას:
- სასწავლო გეგმის განახლება: პროექტი განაახლებს, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო კურიკულუმს, რათა ასახოს ახალი სამიზნე მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს როგორებიცაა საჯარო სერვისების ორგანიზება, პოლიტიკის დაგეგმვა და ანგარიშვალდებულება.
- გაფართოებული სილაბუსები: ახალი საორიენტაციო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდება შვიდი გაფართოებული სილაბუსი საჯარო მმართველობაში, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ციფრული მმართველობა, საჯარო ფინანსების მენეჯმენტი და სხვა.
- კვლევითი სემინარები: პროფესიული სემინარები ხელს შეუწყობს კვლევითი უნარების განვითარებას სტუდენტებსა და პროფესორებში, კვლევით მეთოდებზე, მონაცემთა ვიზუალიზაციასა და ციფრულ მმართველობაზე აქცენტირებით.
- ახალგაზრდული კონფერენცია: ახალგაზრდული კონფერენცია ხელს შეუწყობს დიალოგის წარმართვას საზოგადოებაში საჯარო მმართველობის რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების თაობაზე. სტუდენტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ კვლევითი ნაშრომები და იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად.
პროექტი ასევე ხაზს უსვამს გენდერულ და სოციალურ ინკლუზიურობას, რათა ქალები და ნაკლებად უზრუნველყოფილი ჯგუფები ჩაერთონ აქტივობებში. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობას, რაც ინკლუზიურობისადმი ვალდებულებას ასახავს.
სამომავლოდ, პროექტი მისი დაფინანსების დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. განახლებული სასწავლო პროგრამები და გაფართოებული სილაბუსების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდება სტუდენტებისთვის, ხოლო ახალგაზრდული კონფერენცია გადაიქცევა მუდმივ სტუდენტურ სამუშაო ჯგუფებად, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევარ სტუდენტებს შორის თანამშრომლობას.
შედეგების გასაუმჯობესებლად, პროექტი იყენებს კომუნიკაციისა და ურთიერთობის მკაფიო სტრატეგიას, სოციალური ქსელების, ვებგვერდისა და ადგილობრივი საჯარო მმართველობის ქსელების საშუალებით გაავრცელებს ინფორმაციას პროექტის საქმიანობის შესახებ.
საბოლოოდ, სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივა, გააძლიეროს საჯარო მმართველობის სწავლება საქართველოში, არა მხოლოდ აკრედიტაციის დაჩქარებულმოთხოვნებს ეხება, არამედ ეხმიანება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებს, ხელს უწყობს რა ახალი თაობის გამოცდილ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მათ ისწავლონ ნავიგაცია საჯარო მმართველობის სწრაფად განვითარებად ლანდშაფტში.
პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით.