გაცნობებთ, რომ 2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკის მესამე საზაფხულო სკოლის“ ჩატარებას. ეს გახლავთ პროფესიული ტრენინგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღებები და მკვლევრები ერთად შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ მტკიცებულებები ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის.
წლევანდელი ტრენინგი ჩატარდება სლოვაკეთში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების პოლიტიკის განმახორციელებლები (Policymakers) და მეცნიერები. საზაფხულო სკოლაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკის წარმართვის პროცესში კვლევების გამოყენებას მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში. ამ სტრატეგიულ სფეროში მონაცემები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაბნეველია, ამიტომაც სახელმწიფო მოხელეებისა და მკვლევრებისათვის მნიშვნელოვანია, შეიძინონ მეცნიერების გამოყენების უნარები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების დამწყებ და კარიერის საშუალო ეტაპზე მყოფ მკვლევრებს, აგრეთვე პოლიტიკის განმახორციელებლებს.
ევროკომისია სრულად დააფინანსებს საქართველოდან შერჩეული კანდიდატების მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.
მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ისეთ სამეცნიერო სფეროს ან საჯარო სექტორში, რომლებიც დაკავშირებულია მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებთან;
- ძლიერი მოტივაცია ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით;
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სემინარში სრულად მონაწილეობის მიღება.
აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია 25 ივნისამდე, ევროკომისიის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ესტუმროთ შემდეგ ბმულს. ზემოთ აღნიშნულ ბმულზე აპლიკანტებმა უნდა ატვირთონ მოკლე ბიოგრაფია (CV, მაქს. 2 გვ) და 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი.
გისურვებთ წარმატებებს.