გიორგი ბობღიაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული ლექტორი, სადაც 2022 წლიდან საჯარო მმართველობის პროგრამის სამაგისტრო (MA) და საბაკალავრო (BA) საფეხურის სტუდენტებს უკითხავს პოლიტიკის დაგეგმვის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. 2021 წლიდან იგი ასევე ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად, UNDP-ის საერთაშორისო კონსულტანტის რანგში, იგი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას უწევს კონსულტაციას საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საკითხებში და მხარს უჭერს რეფორმის შემუშავებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
გიორგის მმართველობის სფეროში 13 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიტიკის დაგეგმვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე უხელმძღვანელა ქვეყანაში პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას ევროკავშირისა და OECD/SIGMA-ს პრინციპების შესაბამისად. ის ასევე მუშაობდა სხვა საჯარო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მას მოპოვებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით) კომენიუსის უნივერსიტეტიდან; სამაგისტრო სწავლის პერიოდში გაიარა ერასმუსის გაცვლითი პროგრამა გრონინგენის უნივერსიტეტში.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას, საჯარო მმართველობის რეფორმას, ინსტიტუციურ და ფუნქციურ ანალიზსა და რესტრუქტურიზაციას, ელექტრონულ მმართველობას და სერვისების მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ ის თანა-თავმჯდომარეობდა NISPAcee-ის ყოველწლიური კონფერენციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პანელს.
