2023 წლის 20 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა - მსოფლიო კაფე თემაზე „ქვეყნის განვითარება/შრომის ბაზარი და დაწყებითი პედაგოგიკის გამოწვევები“, რომელსაც ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის განათლების სკოლის დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტები, ასევე სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელი პედაგოგები, მშობლები, დირექტორები და სხვადასხვა სფეროდან დამსაქმებლები.
შეხვედრა პარალელური დისკუსიების მეთოდოლოგიით წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დაბრკოლებებზე რომლებსაც ვაწყდებით ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იმ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისას, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენს ცალკეული ინდივიდის კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების წინაპირობას და შედეგად განსაზღვრავენ პედაგოგების მომზადების პროცესში არსებულ გამოწვევებს, სამეცნიერო მუშაობის პრიორიტეტებს და ახალი ცოდნის დაგროვების საკითხებს.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში - პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“, რომელიც ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს.
კავკასიის განათლების სკოლა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ანალოგიურ პროექტებს 2020 წლიდან ახორციელებს: „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“ (2020); „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი 2021; „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’ (შესაბამისი ანგარიშები იხილეთ ბმულზე).
მიმდინარე პროექტის მიზნებია ქვეყნის განვითარებისა და შრომის ბაზრის გამოწვევებზე:
- სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობებისა და რეაგირების შესაძლებლობების გააზრება;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო მუშაობისთვის აქტუალური მიმართულებების იდენტიფიცირება;
- დაწყებითი განათლების ეფექტიანი რეაგირებისა და შესაბამისი ცოდნის დაგროვების გრძელვადიანი პროცესის ხელშეწყობა.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, დაგეგმილია პანელური დისკუსიების ციკლის ორგანიზება შემდეგ თემებზე:
- საკვანძო კომპეტენციები - წიგნიერება და ქართული ენის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე
- საკვანძო კომპეტენციები და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე
- საკვანძო კომპეტენციები და STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე
- საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები: დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტები, მოქმედი პედაგოგები, მშობლები, სკოლის დირექტორები/ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები და დამსაქმებლები, რომლებიც წარმოგვიდგენენ თავიანთ მოსაზრებებს, გამოცდილებებსა და ხედვებს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პანელურ დისკუსიებში შესაძლებელია ასევე პედაგოგიკის პროფესიით დაინტერესებული აბიტურიენტების მონაწლეობაც.
შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება. პროცესის საერთო ფასილიტაციას უზრუნველყოფს ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი და პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
დაინტერესებულმა პირებმა ყოველი პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება პანელური დისკუსიების ვიდეო ჩაწერა, ხოლო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ გვერდზე.
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები)
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა