კორპორატიული მდგრადობის ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი ინდიკატორები: განვითარებადი ქვეყნის კონტექსტი
ევროკავშირის დღის წესრიგს მდგრადი და განახლებადი ეკონომიკისკენ სწრაფვა წარმოადგენს, რის მიღწევასაც ევროკომისია კორპორატიული ანგარიშგების მნიშვნელოვანი რეფორმით ცდილობს. ისტორიაში პირველად, მდგრადობის ანგარიშგება - იგივე არა-ფინანსური ანგარიშგება ან გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგება - ფინანსური ინფორმაციასთან მიმართებაში თანაბარ მნიშვნელობას შეიძენს (European Parliament and the Council, 2021). აღნიშნული განპირობებულია ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მზარდი მოთხოვნითა და ინტერესით კომპანიების მხრიდან გარემოსა და საზოგადოებაზე ზემოქმედების დადგენის კუთხით.
წარმოდგენილი კვლევითი პროექტის მიზანია შეისწავლოს კორპორატიული მდგრადი ანგარიშგების გამოყენების დონე, განმსაზღვრელი ფაქტორები და გავლენა განვითარებადი საქართველოს კონტექსტში. ევროკომისიის მდგრადობის ანგარიშგების დირექტივასა (2021) და გლობალური ანგარიშგების ინიციატივაზე დაყრდნობით, ჩვენ ავაგებთ მდგრადობის ანგარიშგების უნიკალურ შემფასებელ სისტემას, რომელიც თავის თავში მოიცავს ისეთ ფაქტორებს როგორებიცაა: გამონაბოლქვის რაოდენობა, კლიმატის ცვლილება, წყლის, ხმელეთისა და საჰაერო ეკოსისტემებს, ცირკულარულ ეკონომიკას, ბიომრავალფეროვნებას, თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს, კულტურულ თუ ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, ტრენინგებს, სამუშაო პირობებს, ცხოვრებისა და სამუშაოს შორის ბალანსს, სამუშაო უსაფრთხოებას, ბიზნეს ეთიკას, ანტიკორუფციულ და მექრთამეობის საწინააღმდეგო პოლიტიკას, ლობირების აქტივობებსა და სხვა. სხვადასხვა პროგრამული პაკეტის/ინსტრუმენტის/პროგრამირების ენის (Python, STATA, ScrapeStorm, Link Klipper) გამოყენებით ჩვენ გავაანალიზებთ წლიური რეპორტების რიცხობრივ და ტექსტურ ნაწილებს, და (სადაც საჭიროა) კომპანიის ვებსაიტებს. ასობით (და შესაძლოა ათასობით) ქართული კერძო და საჯარო კომპანიის უნიკალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ შევისწავლით კორპორატიული მდგრადი ანგარიშგების გამოყენების დონეს, განმსაზღვრელ ფაქტორებსა და გავლენას ფირმის რენტაბელურობაზე.
წარმოდგენილი აკადემიურად მოტივირებული და ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე დამყარებული კვლევითი კონცეფცია, დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბები და ევროკავშირის მიერ ახალხან შემუშავებული მდგრადობის დირექტივა ხაზს უსვამს ტაქტიკური კვლევითი დღის წესრიგის ძირეულ და მულტი-დისციპლინარულ ბუნებას. ჩვენი მიგნებები, სავარაუდოა, რომ ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების გახდნენ მეტად მდგრადობაზე ორიენტირებულნი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებასა და კორპორატიულ სექტორს შორის ნდობის ამაღლებას, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა კაპიტალის ბაზრის განვითარების საფუძვლად იქცეს.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის გრანტით დაფინანსების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე პირველი.