ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის სახელმძღვანელო „ნეირომეცნიერების საფუძვლები“

20 დეკემბერი 2022

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აკადემიურმა პერსონალმა - თამარ ჭელიძემ და გულქან ხიხაძემ გამოსცეს სახელმძღვანელო „ნეირომეცნიერების საფუძვლები“, რომელშიც წარმოდგენილია ნერვულ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ნეირობიოლოგიური ანალიზი. სახელმძღვანელოში თანმიმდევრულადაა განხილული ნერვული სისტემის მორფოფუნქციური თავისებურებანი და ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სენსორული და მოტორული, ისე რთული კოგნიტური ფუნქციების განხორციელებას. სახელმძღვანელოში ასევე განხილულია ელექტრული პროცესების გენერაციისა და გავრცელების ძირითადი მექანიზმები ცოცხალ ორგანიზმში და იძლევა ინფორმაციას სინაპსების, ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირებისა და ნეირონთა ინტეგრაციის პრინციპების შესახებ.

 

სახელმძღვანელოს ავტორი ბიოლოგიის დოქტორი თამარ ჭელიძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მიუნხენის (გერმანია) და ციურიხის (შვეიცარია) უნივერსიტეტების სამეცნიერო ლაბორატორიებში ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ბიოლოგიის დოქტორი გულქან ხიხაძე კი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩართული იყო სამეცნიერო კვლევებში მეხსიერების პროცესებში თავის ტვინის სტრუქტურათა შორის ურთიერთობების შესწავლის მიზნით. უკანასკნელ წლებში სახელმძღვანელოს ავტორთა ჩართულობამ საგანმანათლებლო პროგრამებში განაპირობა შესაბამისი აუდიტორიისთვის განკუთვნილი სასწავლო მასალის ქართულ ენაზე მომზადების ინიცირება, რომელიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს მისცემს ცოდნას ნეირომეცნიერების საფუძვლების შესახებ.