პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი გამოცემაში „Journal of Health Research“ გამოქვეყნდა

19 აპრილი 2021

გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Journal of Health Research“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia“ („გულის უკმარისობით ხანდაზმულ პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის შემდგომი რეადმისიის შესწავლა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში").

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, და ახალგაზრდა მკვლევარი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი ანა ღონღაძე.

 

კვლევაში მონაწილეობდა, ასევე, ახალგაზრდა მკვლევარი, სოციოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ანა ლორთქიფანიძე, რომელიც ნაშრომის კვლევითი მეთოდოლოგიის დახვეწაზე მუშაობდა.

 

აღსანიშნავია ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის როლი, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან მერამდენე წელია აკავშირებს მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი თანამშომლობა. ამ მხრივ, ნაშრომის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, მედიცინის დოქტორს, ბატონ რევაზ ჯორბენაძეს; ამავე ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, ბატონ მიხეილ წვერავას და ხარისხის დეპარტამენტის სტატისტიკოს ქალბატონ მანანა დონჯაშვილს.

 

კვლევის აღწერა:

 

გულის უკმარისობა სიკვდილიანობის ერთი წამყვანი მიზეზია ხანდაზმულ ასაკში. კვლევის მიზანია განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის (რეადმისიის) სიხშირისა და მიზეზების შეფასება გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.

 

კვლევის ფარგლებში, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, 2015-2019 წლამდე ჰოსპიტალიზებულ, გულის უკმარისობით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტთა (75 წლის და მეტის) სამედიცინო ჩანაწერები შევისწავლეთ. გაანალიზდა გულის უკმარისობით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა (I50, I50.0, I50.1) დაავადებების სტრუქტურა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის (რეადმისიის) მაჩვენებლები. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 6-9 თვის განმავლობაში რეადმისიასთან დაკავშირებული ფაქტორების დასადგენად მრავალმხრივი ლოგისტიკური რეგრესიის მოდელი გამოვიყენეთ.

 

კვლევით დადგინდა, რომ ხანდაზმულ პაციენტთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი გართულებაა გულის უკმარისობა (შემთხვევების 68,6%). ხანდაზმულ პაციენტებში გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში, რაც ასოცირდება მოსახლეობის დაბერების პროცესით. სავარაუდოდ, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გულის უკმარისობის მკურნალობის მეთოდების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, რეადმისიის მაჩვენებლები კვლავ მაღალია. კვლევამ აჩვენა, რომ რეადმისიის ყველაზე ხშირი მიზეზია გულის უკმარისობა (რეადმისიის ყველა შემთხვევების 48%). გულის უკმარისობით პირველადი ჰოსპიტალიზაციის დაახლოებით 6–9 თვის შემდეგ რეადმისია შეადგენდა 60%-ს. პაციენტებს აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია (43%), მიოკარდიუმის ინფარქტი (14%), დიაბეტი (36%) და ინსულტი (8%), რაც გავლენას ახდენს რეადმისიის სიხშირეზე.

 

გულის უკმარისობა კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად. გულის უკმარისობით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროს უნდა განიხილებოდეს, როგორც კარდიალური, ისე არა კარდიალური მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჯანმრთელობის პრობლემები და დაავადების პროგრესირება. ზოგიერთი რეადმისიის თავიდან აცილება შესაძლებელია მედიკამენტების სწორი შერჩევისა და ეფექტური მონიტორინგის შედეგად.

 

სტატია იხილეთ ბმულზე. სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე.

 

Tengiz Verulava, Ana Lordkipanidze, Revaz Jorbenadze, Ana Ghonghadze, Michael Tsverava, Manana Donjashvili. Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia. Journal of Health Research.