პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან ჟურნალში „Journal of Cardiovascular Disease Research“ გამოქვეყნდა

28 ივნისი 2021

 

მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Pre-operative anxiety in patients with congenital heart diseases („გულის თანდაყოლილი მანკით პაციენტების პრეოპერაციული შფოთვა“) გამოქვეყნდა გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Cardiovascular Disease Research“.

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

კარდიოქირურგიულ პაციენტებში ხშირად შეინიშნება დეპრესიული და შფოთვითი დარღვევები, რომლებიც უარყოფითად ზემოქმედებენ დაავადების მიმდინარეობაზე და შედეგებზე. ქირურგიულ ოპერაციას თან ახლავს განსაკუთრებული ემოციური განცდები: შიში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უმწეობა. ქირურგიული ოპერაციის მოლოდინი და გაურკვეველი გამოსავალი, რომელშიც იმყოფება პაციენტი წინასაოპერაციო პერიოდში, ხელს უწყობს სხვადასხვა ნერვული, შფოთვითი, ფობიური დარღვევების განვითარებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს დაავადების მიმდინარეობას. კვლევის მიზანია კარდიოქირურგიული პაციენტების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლა წინასაოპერაციო პერიოდში. გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის მეთოდი. პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ბეკის კითხვარი (Beck Depression Inventory) და ლეონტიევის მიერ შემუშავებული „ცხოვრების მიზნის ტესტით“ (the Meaning-of-Life Orientations test by D. А. Leontiev). კვლევა განხორციელდა აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას აღენიშნებოდა შფოთვა. შფოთვის საშუალო დონე შეადგენდა 50.06±11.30-ს. შფოთვის საშუალო მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალი (52.2±11,06) იყო, ვიდრე კაცებში (48.12±10,09). მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა შფოთის დონესა და სხვა სოციალურ-დემოგრაფიულ და კლინიკურ ცვლადებს (ასაკი, წონა, ცხოვრების წესი, ჰიპერტენზიის და დიაბეტის არსებობა) შორის. შფოთვoს მნიშვნელოვნად მაღალი სხვაობა (p=0,016) აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებმაც წინათ ჩაიტარეს გულის ოპერაცია (26,36±30,23) და თამბაქოს მომხმარებლებში (20,34±24,64; p=0,032). „ცხოვრების მიზნის ტესტის“ შედეგებით, მნიშვნელოვნად დაბალია პაციენტების „ცხოვრების მიზნის“ ზოგადი მაჩვენებელი (M=88.7) და ყველა ინდიკატორი: "ცხოვრების მიზანი" (M=23), "სიცოცხლის პროცესი" (M=24); „სიცოცხლის შედეგიანობა“ (M=20); „კონტროლის ლოკუსი - მე“ (M=15); „კონტროლის ლოკუსი - სიცოცხლე“ (M=25). აღნიშნული ადასტურებს დაავადების ნეგატიურ გავლენას ადამიანის სიცოცხლეზე. ამგვარად, ქირურგიული ოპერაციის მოლოდინის პერიოდში პაციენტებს აქვს საკუთარი ცხოვრების დაბალი გააზრება, დაბალი პიროვნული თვითშეფასება და განიცდიან შფოთვის ამა თუ იმ დონეს, რაც მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა ემოციური დაძაბულობის შესამცირებლად, პოსტოპერაციული შედეგების გაუმჯობესების და უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების ხელშეწყობის მიზნით. საჭიროა შეიცვალოს მიდგომა პაციენტების მიმართ, რომელიც უნდა ატარებდეს ჰოლისტიკურ ხასიათს, სადაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობას.

 

სტატია იხილეთ ბმულზე.

სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე.