საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა “Bulletin of the Georgian National Academy of Sciences” გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია “Development of Social Health Insurance in Georgia: Challenges and Lessons
ნაშრომის ავტორებია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი ავთანდილ ჯორბენაძე.
ჟურნალი Bulletin of the Georgian National Academy of Sciences ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 0.8. იხ. https://www.scopus.com/sourceid/21100199522
1995 წელს საქართველოში დაინერგა ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის (ბისმარკის) მოდელი, რაც განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით: ქვეყანაში საბაზრო მექანიზმების დანერგვა, ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებისკენ სწრაფვა, მდგრადი დაფი-ნანსების ძიება, ხარჯების შეკავება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ბისმარკის წარმატებული მოდელის მიბაძვა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო სისტემის და მთავრობის ჩარევების მიმართ უნდობლობა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მოდელზე გადასვლის უმთავრესი უპირატესობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის თანაბრად და სამართლიანად გადანაწილებაზე სახელმწიფოს, დამქირავებელს და დაქირავებულს შორის. სახელმწიფოს ნაცვლად სოციალური დაზღვევის ფონდს უნდა მოეხდინა დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. რეფორმის მიხედვით, ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნულიყო სამედიცინო მომსახურების ყიდვა და მიწოდება, რაც განიხილებოდა, როგორც სამედიცინო მომსახურების გაწევის ეფექტურობის გაუმჯობესების მექანიზმი. სახელმწიფო თავისუფლდებოდა სამედიცინო მომსახურების უშუალო მიმწოდებლის როლისაგან. მას უნდა შეენარჩუნებინა ზეგავლენა ჯანდაცვის სისტემაზე ძლიერი მარეგულირებელი, ფინანსური და ლიცენზირების მექანიზმების მეშვეობით. 2004 წელს საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სოციალური დაზღვევის სისტემის დანერგვაზე და გადავიდა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელზე, რომელიც გამორიცხავს დაზღვევის პრინციპს, რადგან სახელმწიფო დომინანტურ როლს ასრულებს, ხოლო დაზღვევის ნაცვლად, ჯანდაცვა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგივე გრძელდება დღესაც. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაზე უკეთ ახდენს ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებას და შესაბამისად მდგრად დაფინანსებას, მიზანშეწონილია ქვეყანაში სოციალური დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და მემკვიდრეობითობას..
იხილეთ სტატიის ბმული: http://science.org.ge/bnas/vol-16-1.html
Tengiz Verulava, and Avtandil Jorbenadze. Development of Social Health Insurance in Georgia: Challenges and Lessons. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 16, no. 1, 2022.