კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორის, მედიცინის დოქტორის თენგიზ ვერულავას ნაშრომმა ,,ჯანმრთელობის კაპიტალი - წარმოების მდგრადი განვითარების ფაქტორი" გაიმარჯვა „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" პროექტის ,,მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" ფარგლებში გამართულ საუკეთესო სამეცნიერო სტატიების კონკურსში.
კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები შეფასდა ასოციაციის მიერ შემუშავებული უნიკალური მულტიკრიტერიული ალგორითმით. დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესში".
ნაშრომის მოკლე რეზიუმე:
ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში მნიშვნელოვანია ინვესტიციები ჯანმრთელობაში. ჯანმრთელობის საინვესტიციო სიკეთე განისაზღვრება მისი მეშვეობით მიღებული სარგებლის ღირებულებით. მაგალითად, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ნიშნავს შრომითი საქმიანობის დამატებით წლებს, რომლის განმავლობაში ადამიანი ღებულობს შემოსავლებს და ახდენს ინვესტირებას საკუთარ კაპიტალში. ინვესტიციები ჯანმრთელობის კაპიტალში ხელს უწყობს შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდას, ავადმყოფისა და სიკვდილიანობის შემცირებას, რაც დადებითად ზემოქმედებს ადამიანურ კაპიტალზე. ჯანმრთელობა განსაზღვრავს ადამიანს რამდენი დროის დახარჯვა შეუძლია თავის შრომით საქმიანობაში. ჯანმრთელი ადამიანი უფრო პროდუქტიულია. ჯანმრთელობა ზრდის შრომისუნარიან დღეთა რაოდენობას. ამგვარად, ადამიანის ჯანმრთელობა ზრდის არამარტო მის მწარმოებლურობას, არამედ, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც. შესაბამისად, ინვესტიციები ჯანდაცვის სექტორში დიდად განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს.
საქართველოში ბოლო 25 წლის პერიოდში გაიზარდა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები, შემცირდა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები და ამბულატორიული მიმართვიანობა ჩამორჩება ევროპის რეგიონის მაჩვენებელს. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯებთან მიმართებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.