ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”

26 იანვარი 2024

კავკასიის მედიცინის სკოლის და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”. 2024 წლის 24 იანვარს ჩატარდა ციკლის I კლასი  - „პარადიგმის ცვლილება: მედიცინის სწავლებიდან - მომავლის ექიმის უნარების ათვისებამდე“.

 

სემინარი მომზადებულია ევროპაში სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) სპეციალური კურსის -  სამედიცინო განათლების ბაზისური უნარები (ESME) მასალების მიხედვით. ტრენინგს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის  მედიცინის პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა და ასოცირებული პროფესორი სოფიო ტატიშვილი.

 

სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები:

 

  • სამედიცინო განათლების დღევანდელი დღე და გამოწვევები, სწავლის 3 დონე და შედეგები, სტუდენტზე-ორიენტირებული სწავლა;
  • სამედიცინო განათლების მიზანი - შედეგზე- და კომპეტენციებზე-დაფუძნებული განათლება;
  • თანამედროვე ლექტორ-განმანათლებლის როლები და ფუნქციები;
  • უკუკავშირი, როგორც სტუდენტის ეფექტური მოტივაცია; პორტფოლიო, როგორც სტუდენტის თვითორგანიზების მექანიზმი;
  • შეფასების არსი, მნიშვნელობა, ფორმები და სირთულეები.

 

სემინარს დაესწრო კავკასიის მედიცინის სკოლების აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები. პრეტესტის და პოსტ-ტესტის შევსების შემდეგ მსმენელებზე გაიცა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

სემესტრის დასრულებამდე დაგეგმილია კიდევ ორი დამატებითი კურსის ჩატარება: პრაქტიკული უნარების შეფასების თანამედროვე მეთოდების (OSCE  - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, სამუშაო ადგილზე შეფასება) და ელექტრონული პორტფოლიოს საკითხებზე.

 

უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებლის თანახმად, სამედიცინო მეთოდოლოგიური ტრენინგის ყოველ 2 წელიწადში გავლა აუცილებელია თითოეული მედიკოსი ლექტორისათვის.