,,ბერგჰოფის ფონდის“ სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან - ,,დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის“

29 ნოემბერი 2022

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (IPS) უმასპინძლა ,,ბერგჰოფის ფონდის“ სამუშაო შეხვედრას - ,,დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის.“ აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ,,ბერგჰოფის ფონდი“ ახორციელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.

 

ვორქშოფის ფარგლებში, სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ წარსულის შესახებ დიალოგის შესაძლებლობებს, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციის გზაზე და ენახათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით მომზადებული მოკლე ფილმები. მათ მოისმინეს იმ ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ კონფლიქტს და რომლებიც მოგვითხრობენ თავიანთ ისტორიებსა და აღქმებზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (IPS) ხელმძღვანელი ეკა აკობია, ,,ბერგჰოფის ფონდის“ ევროპის მიმართულების დირექტორი ოლივერ ვოლე, ფონდის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები ელიკო ბენდელიანი და მარიამ ცხოვრებაშვილი.

 

სამუშაო შეხვედრამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დასასრულს, გაიმართა დისკუსია კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და წარსულის კარგად გადააზრების მნიშვნელობაზე.