პროექტ - ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის დახურვის ღონისძიება

25 თებერვალი 2025

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) პროექტის დახურვის საჯარო ღონისძიება.

 

ღონისძიება გახსნა ქალბატონმა ირენა მელუამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. საკუთარ გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ევროპული სწავლების ხელშეწყობის საქმეში ჟან მონეს მოწინავე ცენტრის როლს და ცენტრის საქმიანობის კომპონენტებს სწავლების, კვლევისა და დისკუსიების მიმართულებით.

 

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ქალბატონმა ლუსია დი ტროიამ, ევროკავშირის დელეგაციაში თანამშრომლობის სექციის დირექტორის მოადგილემ, რომელიც მიესალმა პროექტის მიზნებს და შესრულებულ კომპონენტებს და წარმატებები უსურვა აკადემიურ გუნდს მომავალ საქმიანობაში.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა ქალბატონმა ეკა აკობიამ მოკლედ მიმოიხილა პროექტის შედეგები. აღინიშნა, რომ საპროექტო განაცხადი 2021 წელს იქნა წარდგენილი, სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივით. 2021 წლის კონკურსში ევროკომისიამ 821 განაცხადი, საიდანაც 34%, მათ შორის ეს პროექტი. პროექტი იყო ინტერდისციპლინური და წარმოადგენდა კოლაბორაციას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის, სამართლის და ბიზნესის სკოლებს შორის. სამი ფაკულტეტის 8 პროფესორმა იმუშავა პოლიტიკის (policy) შვიდი მიმართულებით, შეაფასა ასოცირების შეთანხმების (AA)/ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ფარგლებში საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონვერგენციის პროცესი და ხარისხი და ინკლუზიურ და ცოდნაზე დაფუძნებულ მოქალაქეთა ჩართულობას შეუწყო ხელი ევროინტეგრაციის პროცესში სწავლების, კვლევებისა და დისკუსიების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში 11 სხვადასხვა დამოუკიდებელი ფიზიკური ფორმატის შეხვედრა თუ ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებში 200-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, სხვადასხვა სფეროდან: სტუდენტები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო სექტორი და ბიზნესი. პროექტის ფარგლებში გამოიცა კვლევათა კრებული და ასევე ვიდეო ლექციები, რომლებიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი კავკასიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

EUPOLTRANS-ის ამოცანებზე მუშაობა და შედეგები ასევე შეაჯამეს პროექტის ექსპერტებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, სადაც ისაუბრეს პროექტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე თუ ტენდენციებზე, საკუთარი კვლევის თუ პოლიტიკის სფეროებში.