კონფერენციის შესახებ

 

2024 წელს დაგეგმილი კონფერენცია ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით და თემატურად უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც საკითხების მრავალფეროვნებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური დღის წესრიგია.

 

კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

 

კონფერენციის თემატიკა განპირობებულია ადამიანური, ეკონომიკური და გარემოს მდგრადობასთან დაკავშირებული იმ კრიტიკული გამოწვევების აქტუალურობით, რომლებიც  შეეხება ახლანდელ და მომავალ თაობებს და გლობალური ხასიათი აქვს.

 

კონფერენციას შერჩეული აქვს დარგთაშორისი მულტიდისციპლინარული მიდგომა სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინებით მდგრადი განვითარების ფუნდამენტური და მასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

 

ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს აკადემიური ხარისხი, ასევე დოქტორანტებისათვის, შესაბამის დარგში დასაქმებული პროფესიონალებისათვის, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას, შემოაქვთ სიახლეები აკადემიურ სფეროში, იზიარებენ ინტერესსა და  შეშფოთებას მდგრადი განვითარების გამოწვევების მიმართ და ემხრობიან საკითხის ჰოლისტურ ჭრილში განხილვას, რომელიც გულისხმობს ერთიანი მიდგომის შემუშავებას გარემოსდაცვითი, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით. 

 

საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.

 

კონფერენციის პროგრამა შედგება მთავარი მომხსენებლებისა და მიღებული ნაშრომების ავტორთა პრეზენტაციებისაგან. კონფერენციის თემატიკა განისაზღვრება (თუმცა არ შემოიფარგლება) გაეროს მდგრადი განვითარების (SDG 2024) შემდეგი მიზნებით:

 

  1. ეკონომიკური მდგრადობა:

 

ფინანსური მდგრადობა, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოები (SME), მიკროფინანსები, მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, საერთაშორსო ვაჭრობა და სხვ.

 

  1. გარემოს მდგრადობა:

 

წყლისა და ნიადაგის კონსერვაცია, გლობალური გარემოს ცვლილება და ეკოსისტემების მენეჯმენტი, კატასტროფების რისკის შემცირება, განახლებადი ენერგიები, რესურსების მენეჯმენტი, სიცოცხლის ციკლის ანალიზი, სუფთა ტექნოლოგიები, მდგრადი ქალაქები, სურსათისა და გარემოს შესახებ კანონმდებლობა, სამართალი და სხვ.

 

  1. სოციო-კულტურული მდგრადობა:

 

მდგრადი ურბანიზმი, განათლება, მმართველობის მდგრადობა, ადამიანური განვითარება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ტურიზმი როგორც განვითარების ინსტრუმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ხელოვნება, არქიტექტურა და კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი და სხვ.

 

კონფერენციის მიზანი:

 

  • მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;
  • სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.

 

კონფერენციის მედია პარტნიორია ,,Conference Alerts''.