პოლიტიკური ფიგურებისა და მათი დისკურსების სუბიექტივაციის (ფსიქიკური გადამუშავების) თავისებურებეის კვლევა მოსახლეობასთან პოლარიზაციის კონტექსტში
დღეს საქართველოში არსებული სოციო-პოლიტიკური რეალობა და მნიშვნელობები რომლებითაც ის არის ორგანიზებული, როგორც ერთგვარი მეტ-ნაკლებად უცვლელი ენობრივი კონსტრუქტებისაგან შემდგარი დისკურსი, მკვლევარის წინაშე რამოდენიმე კითხვას ბადებს. უპირველეს ყოვლისა საინტერესოა თუ რამდენად „ბი-პოლარული“, ან რადიკალურად დაპირისპირებულია ეს დისკურსები ერთმანეთთან. სხვაგვარად საინტერესოა თუ რა საერთო ფაქტორები განაპირობებს მათ. ვინაიდან დესტრუქციული პროცესები ქართიულ პოლიტიკურ რეალობაში განმეორებით და უწყვეტ სახეს იძენს, სავარაუდოდ მიზეზი არ უნდა იყოს დაპირისპირებისა და კონფლიქტის ერთი ან თუნდაც რამოდენიმე რაციონალური და გაცხადებული მიზეზი, არამედ ნამდვილ მიზეზს სცენის მიღმა არსებული მუდმივი ცვლადები უნდა წარმოადგენდეს, რომელიც უწყვეტად და განმეორებითი ფორმით ბადებენ დესტრუქციულ პროცესებს და სიძულვილით გაჯერებულ კონფლიქტებს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ ჯგუფებს შორის. ჩვენი წინასწარი ჰიპოთეზის მიხედვით ამ ცვლადების ბუნება არაცნობიერი უნდა იყოს და საბოლოო ჯამში თავს „სოციალური სიმპტომის“ სახით უნდა ავლენდეს პოლიტიკის სცენაზე, როგორც სოციუმში მოქმედი შინაგანი კონფლიქტების გამოვლენისა და რეპრეზენტაციის პრივილეგირებულ ადგილზე.
მეორე საბაზისო კონსტატაცია შეეხება აღწერილი დესტრუქციული, განმეორებადი და ციკლურ რეჟიმში მომუშავე სოციო-პოლიტიკური მანქანის ფუნქციონირების ინსტრუმენტებს, რომლებითაც ისინი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზემოქმედებენ მეტ-ნაკლებად პასიურ პოზიციაში მყოფ მოსახლეობის სხვადასხვა ჯუფებზე. ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად ეს ინსტრუმენტები უპირველეს ყოვლისა ენობრივი ბუნების არის და ნაკლებად დაკავშირებული მოქმედებებთან, მაგ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებეთან და ა.შ, არამედ დაკავშირებული დისკურსებთან, ლაპარაკთან როგორც პოლიტიკურ აქტთან. ამ შემთხვევაში ცხადია მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ არა მისი პირივნება, ბიოგრაფია, ან სხვა მახასიათებელი, არამედ მის მიერ პროდუცირებული დისკურსი, რომელსაც პოლიტიკოსი ან თავად ქმნის, როგორც ამ დისკურსის სუბიექტი, ან პირიქით აჟღერებს მას, როგორც ამ დისკურსის პასიური ობიექტი, როგორც ერთგვარი რუპორი.
მესამე საბაზისო კონსტატაციის მიხედვით (რომელიც კვლევის შინაგან საჭიროებაზე უნდა მიუთითებდეს) აღნიშნულ დისკურსებს, რომლებიც პოლარიზაციისა და რადიკალიზმის სოციო-პოლიტიკური მექანიზმის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, უნდა ჰქონდეს პირდაპირი და ირიბი გავლენა მის უშუალო ადრესატზე. იგულისხმება მოსახლეობა, ამომრჩეველი, მაყურებელი თუ განსხვავებული, მეტ-ნაკლებად ანგაჟირებული სოციალური ჯგუფები.
პროექტის ხელმძღვანელი შალვა მამინაშვილი, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.