კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

8 ნოემბერი 2024

1-ელ ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

 

კონფერენციაში ქართველი და უცხოელი უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების 100-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობდა, რომელთაც ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებზე კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ წარადგინა მოხსენება „საავადმყოფოების ანტიკრიზისული პროცესების მართვის გამოწვევები“. მან ისაუბრა კატასტროფებისთვის მზადყოფნის გადაუდებელი გეგმების არსებობის აუცილებლობაზე, რათა საავადმყოფოებმა შეძლონ ეფექტური სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, ასევე დამსწრე აუდიტორიას გააცნო  კატასტროფებისადმი საავადმყოფოების მზადყოფნის შეფასების კვლევის შედეგები.

 

თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო ითვლება საომარი კონფლიქტების ფეთქებადსაშიშ ზონად. კვლევამ აჩვენა, რომ საავადმყოფოებს აქვს შესაძლებლობა ოპტიმალურად უზრუნველყონ სრული პერიმეტრის მონიტორინგი საგანგებო სიტუაციების დროს, მიიღონ თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომები, გააჩნიათ საკმარისი ჟანგბადის მარაგები. ტექნიკური და საინჟინრო პერსონალი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. საავადმყოფოებში არსებობს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

 

თუმცა, რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გაუვლია ტრენინგები კატასტროფების მართვის სავარჯიშო წვრთნებში. რესპონდენტთა მხოლოდ ნახევარმა (52%) აღნიშნა, რომ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების/კატასტროფების დროს არსებობს მზადყოფნის კომიტეტი, რომელიც ხშირ შემთხვევებში არ არის მულტიდისციპლინური და არ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებების კვალიფიციურ პერსონალს და სადაც რეგულარული ღია შეხვედრები ხშირად არ იმართება. ხშირად დაწესებულებას არ შეუძლია აკონტროლოს გეგმური პაციენტები, რომლებიც გაეწერებიან კატასტროფული სიტუაციების დროს, ხოლო კრიტიკული შემთხვევების სტრესის მართვა არ არის ადეკვატურად ინტეგრირებული საგანგებო გეგმაში. კვლევამ გამოავლინა საავადმყოფოებში კრიზისისა და კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზომიერი დონე საშუალო ქულით 56,57%. რეკომენდებულია საავადმყოფოებში გარკვეული ცვლილებების გატარება კრიზისისა და კატასტროფული მოვლენებისადმი მზადყოფნის დონის გასაუმჯობესებლად.