ჟან მონე 2019 გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა კონფერენცია ბრიუსელში

25 ნოემბერი 2019

2019 წლის 18 ნოემბერს, ბრიუსელში ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ორგანიზებით ჩატარდა ჟან მონე 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა შეხვედრა.

 

შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა 611026-EPP-1-2019-1-GEEPPJMO-PROJECT “Triangle Effect of European Studies at schools” (TEESS) - „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ პროექტის კოორდინატორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორი გურანდა ჭელიძე.

 

ჩატარდა რამდენიმე საინტერესო საინფორმაციო სესია. მიმდინარე პროექტების განხორციელებისა და გამარტივების მიზნით, კოორდინატორებს მიეცათ კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები პროექტების ადმინისტრაციული თუ ფინანსური მენეჯმენტის შესახებ.

 

შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე ევროპის განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დისკუსიის რეჟიმში ჟან მონე 2019 ბენეფიციარებმა გაცვალეს თავიანთი მოსაზრებები. დაისახა სამომავლო თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით სინერგიის შექმნის გეგმები.

 

19 ნოემბერს, ჟან მონეს პროგრამების საიუბილეო 30 წლის აღსანიშნავად გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ევროპული კვლევები ციფრულ ეპოქაში“. აღნიშნული კონფერენციით ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ახალი ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის - განათლების საშუალებით ციფრული კომპეტენციების განვითარებას.

 

კონფერენცია ასევე დაეთმო პანელურ დისკუსიას ევროპის სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების, ჟან მონეს პროექტების ციფრული კვლევების სფეროს, ზოგადად, ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა და დიგიტალიზაციის სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებს.