წარმატების ისტორია

 

ელენე ალადაშვილი

 

კავკასიის ბიზნესის სკოლა

Fairleigh Dickinson University, USA

 

როდესაც მთხოვეს რომ მოკლედ დამეწერა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით გატარებული ერთი წლის შესახებ, დავიბენი. შესაძლებელია მთელი წლის დაუჯერებელი და უნიკალური გამოცდილების ერთ მოკლე ტექსტში თავმოყრა? მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც ფაირლეი დიკინსონის უნივერსიტეტისგან მივიღე მეილი, რომელშიც მატყობინებდნენ რომ მათ სასწავლებელში ჩავირიცხე. ეს შეგრძნება ნამდვილად აღმაფრთოვანებელი იყო, თუმცა გამგზავრების დღემდე ვერ ვიჯერებდი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება დაიწყო მსოფილოს ყველაზე საოცარ ქალაქში, ნიუ-იორკში ჩასვლით.

 

აქტიური ცხოვრების წესი, უამრავი შესაძლებლობის აღმოჩენა, მთელი მსოფლიოდან არაჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრა, სხვადასხვა შტატში მოგზაურობა, ფლორიდიდან დაწყებული კალიფორნიით დასრულებული, FDU-ში სწავლა, სასწავლო პრაქტიკებში მონაწილეობა, სატელევიზიო შოუებზე დასწრება და რეკლამირების ტექნიკის გათავისება, დამოუკიდებლობის შეგრძნების განცდა, ამ ყველაფერმა ძლიერ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანად მაქცია. ეს ყველაფერი და სხვა მრავალი, არასრული სიაა იმ გამოცდილებისა, რამაც შტატებში ცხოვრება დაუვიწყარი გახადა.

 

გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისათვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება ის დაბრკოლებები, რომელსაც ამ პერიოდში გადავაწყდი და თუ როგორ შევძელი მათთან გამკლავება. აშშ-ში ჩემი ყოფნის დროს, COVID ვირუსი ახალი აფეთქებული იყო, ამ ყველაფერთან გამკლავება კი ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ კომფორტის ზონიდან გამოსულს, საკუთარი მომავალი საკმაოდ გაურკვეველი მეჩვენებოდა, არ ვიცოდი რა იყო სწორი არჩევანი. მქონდა ორი ვარიანტი, მიმეტოვებინა ჩემი გეგმები აშშ-ში და საქართველოში დავბრუნებულიყავი, ან მიმეღო ეს მოცემულობა და უკეთესის იმედი მქონოდა, მე მეორე ვარჩიე. მიუხედავად რთული დღეებისა, რაც ხშირად მარადისობად მეჩვენებოდა, დრო საოცრად მალე გავიდა. აშშ-ში გატარებული თითოეული მომენტით კმაყოფილი ვარ.

 

აშშ-დან სახლში დაბრუნება აღსაწერად რთულია. ახლა განსხვავებული ადამიანი ვარ იმისგან,  ვინც  სამშობლოს დატოვებამდე ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის გარდა მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოში გავატარე, მგონია რომ ჩემი გულის ნაწილი კვლავ იქ დარჩა, ვიცოდი რომ ის, რასაც უკან ვტოვებდი, მხოლოდ ქვეყანა არ არის, ეს ამაზე გაცილებით მეტი იყო. როდესაც თვალს გადავავლებ საოცარ მოგონებებს,  ვნატრობ რომ კვლავ მქონდეს ამის გაკეთების საშუალება.

 

და ბოლოს, მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, რომ ჩემი სურვილების ახდენაში დამეხმარა. მადლობა ფაირლეი დიკინსონის უნივერსიტეტს რომ მიმასპინძლა, ეს უპირობოდ გასაოცარი გამოცდილება იყო.

 

ანანო გუნია

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

Fairleigh Dickinson University, USA

 

გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ჩემი წასვლა სრულიად დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო. ერთ დღესაც, გამოცდების პერიოდში, უეცრად მომივიდა იდეა რომ მაგისტრატურის ბოლო კურსზე მყოფს, რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა, ეს კი ზუსტად ამერიკაში ჩემი ბოლო სემესტრის გატარებას ნიშნავდა. სწორედ იმ დროს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შანსს უნივერსიტეტი მთავაზობდა, იმავე დღეს დავიწყე საბუთების შეგროვება, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ ერთ დღეს თავში გაელვებული ეს აზრი „მოდი ამერიკაში წავალ“ თუ რამდენიმე თვეში რეალობად იქცეოდა.

 

გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად წასვლა სრულიად ახალი გამოცდილებაა, მითუმეტეს ამერიკაში. ამ ყველაფერს პანდემიაც დაემთხვა, კარანტინი, საზღვრების ჩაკეტვა... წინასწარ რომ მცოდნოდა ამ ყველაფრის შესახებ, მაინც წავიდოდი, იმდენად დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე. საკუთარ თავში ახალი უნარები და ახალი რესურსები აღმოვაჩინე, ყოველდღიუად გრძნობ, რომ არამარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც იზრდები და შემდეგ ეს ყველაფერი სასიამოვნო თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის განცდას გაძლევს.

 

ვფიქრობ, ყველა სტუდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილებაა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

 

 

FH JOANNEUM University of Applied Sciences, Graz, Austria

ERNST MACH grant holder - ავსტრიის მთავრობის გრანტი

 

თეონა ცუცხვაშვილი

 

ავსტრიაში სასწავლებლად გამგზავრება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწვეტილება აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აპლიკაციის პროცესი მარტივი არ ყოფილა თუმცა, არც ისეთი რთული როგორც წარმომედგინა. მთავარია მოინდომო და ბოლომდე დაიხარჯო როდესაც ამ საქმეს მოკიდებ ხელს. აპლიკაციაში დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხო მთელი გულით და ამომწურავად. რაც უფრო გულწრფელი ხარ, მით უფრო მაღალია შენი წარმატების შანსი.

 

აქაური სასწავლო გარემო არის საოცრად ჯანსაღი, კონკურენტრული და ამავდროულად მშვიდი. გვყავს უზომოდ კვალიფიციურ ლექტორები და ეს არ არის მხოლოდ სალექციო პროცესი, ეს ნამდვილი მუშაობა და გამოცდილების გაზიარებაა. და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ავსტრია საუკეთესო ადგილია სტუდენტური ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის. ვენიდან მხოლოდ 10 ევროდ შეგიძლია მოხვდე ევროპის ისეთ ქალაქებში როგორიცაა ვენეცია, ფლორენცია, ამსტერამი, პარიზი და მრავალი სხვა.