მედიის სკოლის სტუდენტური ვიდეორგოლი

17 თებერვალი 2012
გადაღებისა და მონტაჟის კლასის ფინალურ პროექტად მათ ამჯერად მედიის სკოლის ვიდეორგოლი დაამზადეს. სარეკლამო ვიდეოს იდეაც და აღსრულებაც მეორე კურსის სტუდენტებს ეკუთვნით.

ვიდეოკამერით გადაღებისა და მონტაჟის ტექნიკის ლაბორატორიული კლასი CSM–ში საზოგადოებრივი მაუწყებლის მონტაჟის რეჟისორს დავით ქართველიშვილს მიყავს. მეორეკურსელთა ვიდეოც მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნა. ამ კურსის მიზანია ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის ყველა სტუდენტს შეასწავლოს გადაღებისა და ვიდეო რიგის გემოვნებით აწყობის საფუძვლები. ერთსემესტრიანი კლასის განმავლობაში მედიის სკოლის ყველა სტუდენტი იძენს Adobe Premier–ში მონტაჟის უნარს, სწავლობს აუდიოჩანაწერების დამუშავებას პროგრამაში Sound Forge, ასევე Adobe Photoshop-ისა და Adobe After Effect–ის საფუძვლებს.

მიღებული უნარ–ჩვევები მომავალ ჟურნალისტებს კარგ საფუძველს უქმნის ინტეგრირებული ახალი ამბების რედაქციებში სამუშაოდ.