პროგრამის მიმოხილვა

საქართველოში საჯარო სექტორის განვითარების, პოლიტიკური სისტემის სრულყოფის, ინსტიტუციური მშენებლობის, ეკონომიკური წინსვლის საჭიროება და ასევე ქვეყნის სწრაფვა ევროპულ და ჩრდილო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, აქტუალურს ხდის განათლებული, მაღალპროფესიული საჯარო მოხელეების ყოლას. თითოეული ქვეყანა ცდილობს ააშენოს დემოკრატიული, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა – გამჭვირვალე, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებული მთავრობით, რომელიც დაეყრდნობა ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა საზოგადოებრივ მართვაში თანამონაწილეობის პრინციპებს. ყოველივე ამის საფუძველს წარმოადგენს ძველი ფასეულობებისგან გათავისუფლება და მმართველობის ახალი სისტემებისა და თანამედროვე ადმინისტრაციული ინსტიტუტების ჩამოყალიბების რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი. ეს მნიშვნელოვანი მიზანი მოითხოვს ახალი თაობის სახელმწიფო მოხელეთა აღზრდას, რომელთაც ექნებათ შესაფერისი უმაღლესი განათლება, მათ შორის ეცოდინება სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის თანამედროვე თეორიები და საუკეთესო პრაქტიკა, სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი საქართველოს რეალობაში გადმოტანის მეთოდები, ექნება ფართო ხედვა და მისი რეალიზების უნარ–ჩვევები.

 

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სწორედ ასეთი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო მართვის აკადემიური და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადებას. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია ამ სფეროს გამოჩენილი ლექტორებითა და პრაქტიკოსი სპეციალისტებით.

 

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. დასაშვები ხანგრძლივობა 5–6 წელი. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 (21– Fx-ის გადაბარების შემთხვევაში) სასწავლო კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 (42) კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი.

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს  ქართულ და ინგლისურ ენებზე