12-13 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთო პროექტის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ ცნობადობის ამაღლება და აპლიკაცია პროფესიულ განათლებაში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. პროექტი განხორციელდა პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის დარგში - ირენა მელუამ გახსნა, შემდეგ კი კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა - ირმა გრძელიძემ ისაუბრა პროექტის განხორციელების ეტაპებსა და შესაბამის აქტივობებზე, ასევე, მიღებულ შედეგებსა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ბენეფიციარები, პროექტის გუნდის წარმომადგენლები და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენელი.
პროექტის მთავარი მიზანი მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ახალგაზრდა თაობებს შორის კავშირების გაძლიერებაა. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალმა, უცხოელ ექსპერტთან, ჩეხეთის უმაღლესი განათლების ცენტრის დისტანციური განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან - იან ბესედასთან თანამშრომლობით მოიძია ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო მასალები, მიმოიხილა ლიტერატურა და პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები, ასევე ადაპტირდა არსებული მასალები და მომზადდა პრეზენტაციები შესაბამისი სამიზნე ჯგუფების გათვალისწინებით, გარდა ამისა, ჩატარდა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საბაზისო (basic) და კონცენტრირებული (advanced) კურსები საზღვაო აკადემიის ორივე ლოკაციაზე, ბათუმისა და ფოთის ფილიალებში, რამაც ხელი შეუწყო ბენეფიციარებს, უკეთ გაეაზრებინათ მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი როლი პერსონალურ და ინსტიტუციურ ოპერირებაში და გაეაზრებინათ პროექტების დანერგვის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების შესახებ დამუშავებული მასალები ინტეგრირდა სასწავლო კურიკულუმებში.
პროექტმა ხელი შეუწყო პიროვნული, სოციალური, სწავლის, კულტურული ცნობიერებისა და გამოხატვის კომპეტენციების განვითარებას, ასევე სტუდენტთა გონებრივი აქტივობების განვითარებას, მორალურ ღირებულებების ჩამოყალიბებასა და პლურალიზმის განვითარებას.