EEPIIQ - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჰიბრიდული ტრენინგი ქართველი პარტნიორებისათვის

26 თებერვალი 2024

2023 წლის დეკემბრიდან,  კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში, მიმდინარეობდა მენტორთა გადამზადების 3 თვიანი პროგრამა, რომელსაც პროექტის საერთაშორისო პარტნიორი ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ოფისის  (GWOIE) წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

 

3 თვის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის გამოცდილი ინსტრუქტორებისგან მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება არა მხოლოდ მენტორინგის მიმართულებით, არამედ სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის არსებულ საკვანძო საკითხებზე, გამოწვევებსა და უახლოს მიდგომებზე, ასევე, ამერიკელმა კოლეგებმა ქართველ მონაწილეებს გაუზიარეს ცოდნა  ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინოვაციების კორპუსის (I-Corps program) უახლესი სასწავლო მიდგომების, პარტნიორობის ქსელის მოდელებისა და საუკეთესო ამერიკული პრაქტიკის შესახებ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს ჩაერთნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ინტერაქციულ სესიებში, რათა გამოცდილ მენტორებთან ერთად ემსჯელათ და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები ინდუსტრიასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ტრენინგის მონაწილეები ვირტუალურად აკვირდებოდნენ ამერიკული სტარტაპ გუნდების პროექტებსა და ინსტრუქტორების მიერ მათი სწავლების, შეფასებისა და შემდგომი განვითარების პროცესს, პროცესის დაკვირვების შემდეგ კი მენტორებთან ერთად განიხილავდნენ და აჯამებდნენ სტარტაპერების შედეგებს.

 

პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს  მოდერნიზება და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებაა. პროექტი ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.