20-23 ნოემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, პროექტის ქართველ პარტნიორებს ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.
ვიზიტის ფარგლებში, ნოვას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ქართველ პარტნიორებს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია როგორც ნოვას უნივერსიტეტის მესამე მისიისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ, აგრეთვე უნივერსიტეტის მეცნიერების, ინოვაციებისა და კვლევის საქმიანობასთან დაკავშირებით. კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მეცნიერებისა და ინოვაციის დღეს ნოვას უნივერსიტეტში.
ღონისძიების ფარგლებში, კონსორციუმის წევრმა უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს მესამე მისიის საპილოტე აქტივობების ანგარიში და შედეგები. კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით- ირენა მელუამ ისაუბრა განხორციელებულ პროექტზე „დაიწყე სტარტაპი ნულიდან“, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოს რეგიონებში მოქმედ ტექნოპარკებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოპარკების ბენეფიციარებისთვის პრაქტიკული ვორკშოპების ჩატარება და სტარტაპ იდეების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიების ბოლო ნაწილი დაეთმო პროექტის დასკვნითი კონფერენციის საორგანიზაციო დეტალებისა და წარსადგენი დისემინაციის საკითხების განხილვას.
პროექტ SQUARE-ის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის მთავარი მიზანია საუნივერსიტეტო მესამე მისიის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.