5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის - ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) - გახსნის ღონისძიება.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა კარლ ჰარცელმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ და განათლების ექსპერტმა, ერაზმუსის ეროვნული ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2009-2021), ლიკა ღლონტმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე.
პროექტის მიზნები და დაგეგმილი აქტივობები შეაჯამა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და პროექტის თანაკოორიდნატირომა, ეკა აკობია. მან აღნიშნა, რომ ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ერაზმუს+ 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული სამ წლიანი პროექტია და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლებას, კვლევასა და დისკუსიას ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი სფეროების ირგვლივ, როგორიცაა - გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, შრომა, საჯარო ადმინისტრირება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. აღნიშნული მიმართულებები მოცემულია AA/DCFTA-ის შეთანხმებაში და მათი ტრანსპოზიცია იგეგმება 2022-2024 წლებში. სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობით EUPOLTRANS უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პოლიტიკისა და ღირებულებების გავრცელების პროცესში და მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის AA/DCFTA-ის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოების პროცესის შეფასებას, ასევე შეაფასებს ამ სფეროებში შესაძლო დანაკლისს ან შეფერხებას, რაც AA-ის იმპლემენტაციის პროცესს გახდის უფრო ეფექტიანს, ინკლუზიურსა და ცოდნაზე დაფუძნებულს.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში (2022-2024) EUPOLTRANS განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- შეიქმნება 8 მოდულისგან შემდგარი სასწავლო კურსი: ,,ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“ და ჩატარდება 6 ტრენინგი დედაქალაქსა და რეგიონებში
- ღია წვდომის ონლაინ კურსი (MOOC) ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის
- კურსის მიკრო-აკრედიტაცია, რაც გულისხმობს სერტიფიცირებული ცოდნის მიწოდების მოქნილ, ინკლუზიურ ფორმას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულ განაკვეთზე სწავლა
- CoE შექმნის დოკუმენტებს დისკუსიისთვის
- მოამზადებს შვიდ პოლიტიკის დოკუმენტს
- გამართავს სამ სხვადასხვა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე
- მომზადდება ინტერვიუები ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთან.
ღონისძიების მეორე ნაწილში, პროექტის მკვლევრებმა წარადგინეს საკუთარი როლი პროექტის ფარგლებში სწავლების, კვლევისა და საზოგადოებრივი დისკუსიების მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდა 50 სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიება ფართოდ გააშუქეს მედიის წარმომადგენლებმა.
„ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის, EUPOLTRANS“ (2022-2024) არის მოწინავე ცენტრის (center of excellence) პირველი გრანტი საქართველოში და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროექტი წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის დაგროვილი გამოცდილების და მიღწევების ხაზგასმას ევროკავშირის სწავლებასა და კვლევებში.