ტრენინგი - უნივერსიტეტის მესამე მისია: გამოწვევები და პერსპექტივები

24 ივნისი 2024

19-21 ივნისს, პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები თემაზე:  უნივერსიტეტის მესამე მისია: გამოწვევები და პერსპექტივები.  შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ირმა გრძელიძე.

 

ტრენინგი ჩატარდა 4 ძირითადი ჯგუფისთვის: სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი და გარე დაინტერესებული პირები. ტრენინგზე განიხილეს მესამე მისიის ზოგადი კონცეფცია, მისი ისტორიული კონტექსტი და მესამე მისიის 3 ძირითადი მიმართულება: უწყვეტი განათლება (CE), ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა (KTT) და საზოგადოებრივ ცხოვრებაში (SE) ჩართულობა. ასევე მიმოიხილეს ისეთი სტრატეგიული საკითხები, როგორებიცაა: მესამე მისიის შესაბამისობა და მნიშვნელობა უნივერსიტეტის სტრატეგიაში, უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების პრიორიტეტიზაცია, სტრატეგიული გეგმის მომზადების მეთოდები, საკომუნიკაციო არხების აწყობა და საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვისა და ინდუსტრიისთვის კვლევების წარმოება, გარდა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის პერსპექტივიდან გამომდინარე, ტრენინგზე ისაუბრეს თანამშრომლობის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებზე (პორტუგალია, ფინეთი) და იმ შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს მესამე მისიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ინტეგრაციას უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმაში.

 

ტრენინგის ბოლოს, გაიმართა ინტერაქციული სესია მესამე მისიის აქტუალობაზე თანამედროვე უმაღლესი განათლების გარემოში, პოტენციურ სარგებელსა და გამოწვევებზე და მესამე მისიის გავლენაზე უნივერსიტეტის ყველა დაინტერესებულ პირსა და სხვა ფართო საზოგადოებაზე.

 

პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს  მოდერნიზება და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებაა. პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტები – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU) პროექტის ფარგლებში განავითარებენ ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობებს ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის გამოცდილებით, საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებითა  და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით.

 

პროექტი ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.