26 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ADA University-ს წარმომადგენლებს, შაფაჰ მეჰრალიევასა (Shafag Mehraliyeva) და მაჰნურ აბბასოვას (Mahnur Abbasova) უმასპინძლა. პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი რამელ ლატიფოვი (Ramel Latifov).
ADA University-ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი რეგიონული საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ბიზნესის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვისა და ეკონომიკის სკოლების წარმომადგენლებთან. მხარეებმა შეხვედრის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გააცნეს ADA University-ს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე გაცვლითი და სასტიპენდიო შესაძლებლობები.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა დისკუსია რეგიონში სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების წახალისებასა და მის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას 2017 წელს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებში კავკასიის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აკადემიური წელი/სემესტრი აზერბაიჯანის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში გაატარონ.