კავკასიის უნივერსიტეტმა ბრანდენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება ჩამოაყალიბა, რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამა მხარს უჭერს გერმანიის უნივერსიტეტების პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
პროექტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება (2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე) მოიცავს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას. თანამშრომლობის საფუძველზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ლექტორებს ექნებათ შესაძლებლობა აკადემიური მობილობის ფარგლებში ეწვიონ ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს, ამავე მიმართულების ლექტორებს უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი პარტნიორი უნივერსიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის დაგეგმილი პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებას.