კავკასიის უნივერსიტეტი APAIE 2025 საგანმანათლებლო გამოფენაზე

27 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა.


ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტი წარმოადგინეს ირენა მელუამ, ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ქეთევან კარბაიამ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, სადაც განიხილეს არსებული პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აზიისა და წყნარი ოკეანის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უნივერსიტეტთან (Asia-Pacific University of Technology and Innovation). შეთანხმებას პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა ვიცე-კანცლერმა. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა სახის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ APAIE 2025-ს ორგანიზება გაუწია აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციამ. მისი მიზანი იყო გლობალური საგანმანათლებლო საზოგადოების დაკავშირება და ახალი შესაძლებლობების წახალისება. გამოფენას 60-ზე მეტი ქვეყნის 2,500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.