29 სექტემბერი - 3 ოქტომბრის კვირაში, კავკასიის უნივერსიტეტმა, საერთაშორისო კვირეულის პროგრამას (International Staff Week Program) უმასპინძლა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ევროპის სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
პროგრამის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სესიებს მდგრადი ტურიზმის შესახებ Enricher Hubs-ის პროექტის ფარგლებში.
პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში შემდეგ აქტუალურ თემებზე:
- ერთობლივი/ორმაგი ხარისხის პროგრამების ინიცირებისა და განხორციელების მეთოდოლოგია - ირენა მელუა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის დარგში;
- სტუდენტური სერვისები და პროცესები - გურანდა იობაშვილი და სალომე ჩაჩიბაია, სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერები;
- “CU Ambassador” პროგრამის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება - ანასტასია გუდაძე, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების დეპარტამენტის მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტებთან და დეპარტამენტებთან პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაიგეგმა ინდივიდუალური აქტივობები. საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში უცხოელ ლექტორს უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დავით წიკლაურმა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაიგეგმა შეხვედრა მედიცინის სკოლის დეკანთან, მარიამ ოქრუაშვილთან რომელსაც ესწრებოდა სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, მაკუნა ამაღლობელი. ასევე, შეხვედრა ჩაინიშნა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანთანაც, მაკუნა მენაბდესთან. აღსანიშნავია, რომ ჩამომსვლელი ადმინისტრაციული პერსონალისთვის შედგა გაცნობითი შეხვედრა სამართლის სკოლის დეკანთან, სოფიო შენგელიასთან. გაიმართა შეხვედრა უცხო ენების ცენტრის დირექტორთან, ხათუნა ბასილაშვილთან და გერმანული ენის კათედრის ხელმძღვანელთან, ნათია დათუაშვილთან და ჩაინიშნა ინდივიდუალური შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
საერთაშორისო კვირეულის პროგრამის დასასრულს, მონაწილე პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.