1-5 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს, არჩილ ჩოჩიას უმასპინძლა.
ვიზიტის მსვლელობისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან, ამავე სკოლის პროგრამის ხელმძღვანელთან, ეკატერინე ქარდავასთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, კერძოდ, შეთანხმდნენ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის თემის ერთობლივი ხელმძღვანელობის შესაძლებლობაზე,რაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ ხელმძღვანელთან ერთად ჰყავდეთ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანახელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი კვლევითი და ინსტიტუციური განვითარების პროექტების ინიცირებასა და იმპლემენტაციაზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აკადემიური პერსონალის განვითარების სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებისა და მკვლევარების ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აკადემიური პროფილის მართვა (Managing an Academic Profile) და სამეცნიერო ჟურნალების მოძიება/შერჩევა.
არჩილ ჩოჩიამ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია ესტონეთის სამეცნიერო პორტალის შესახებ, მის მნიშვნელობაზე კვლევითი კოლაბორაციისთვის, ასევე, განიხილა ევროკავშირის ქვეყნებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიმართ არსებული ძირითადი მიდგომები კვლევითი საქმიანობის დაგეგმვისა და შეფასების პროცესში.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.