2020 წელს მოვიპოვე ერასმუს+ის სემესტრული დაფინანსება Polytechnic University of Valencia-ში სასწავლებლად. სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უარის თქმა მომიწია ამ შესაძლებლობაზე. მალევე გამიმართლა და საერთაშორისო ურთიერთობისა და პროექტების დეპარტამენტმა შემოგვთავაზა ახალი პროგრამა, რომელიც გერმანულ უნივერსიტეტში Hochschule Darmstadt-ში დისტანციურად ტარდებოდა (5th International Winter University „International Marketing and Sales“). რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან აღარ გავუშვი და ზამთრის არდადეგები ძალიან პროდუქტიულად გავატარე.
კოლუმბია, აშშ, იაპონია, ინდოეთი, მალაიზია, საქართველო - ეს იმ ქვეყნების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაერთიანდა. ამ მულტიკულტურულ გარემოში კი ვისმენდით ლექციებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებით ვსაუბრობდით მარკეტინგის როლზე. გვქონდა უნივერსიტეტის და Darmstadt-ის ტურები, გერმანული ენის ინტერაქციული ლექციები და სხვადასხვა აქტივობა, რომლებმაც დღევანდელ მოცემულობაშიც კი, დაგვაახლოვა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მიუხედავად დისტანციისა, ლექტორებმა შეძლეს, რომ სალექციო პროცესი ინტერაქციული და საინტერესო გაეხადათ.
საერთაშორისო განათლებამ და გამოცდილებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ ზრდაში. მიღებულმა ცოდნამ კი უფრო სიღრმისეულად დამანახა მარკეტინგის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ვთვლი, რომ ასეთი შესაძლებლობები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტი გვთავაზობს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კარიერული წინსვლისთვის.
ანა ნოზაძე (CSM)
Koç University, Turkey
კავკასიის მედიის სკოლის, სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ანა ნოზაძემ, კოჩის უნივერსიტეტში, თურქეთი (Koç University, Turkey) გამართულ საზაფხულო სკოლაში სრული დაფინანსებით მიიღო მონაწილეობა.
პარტნიორ უნივერსიტეტში დაგეგმილი საზაფხულო სკოლის ძირითადი თემა გახლდათ: "ქალთა გაძლიერება მდგრადი განვითარებისთვის", რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ მოწვეული ექსპერტების მიერ დაგეგმილ დისკუსიებში, ლექიებსა და სხვადასხვა აქტივობებში.
ანანო ჯაოშვილი (CSG)
ანა ბახსოლიანი (CSB)
MRU Summer school 2019,Vilnius, Lithuania
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტმა ანანო ჯაოშვილმა და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ანა ბახსოლიანმა მაიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ვილნიუსი, ლიტვა) მიერ დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში მიიღეს მონაწილეობა
სამ კვირიანი პროგრამის ძირითადი თემა გახლდათ კულტურული მემკვიდრეობა და უსაფრთხოება. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნებოდა საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები.
საგულისხმოა, რომ პროექტში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
გასათვალისწინებელია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი მაიკოლას რომერის უნივერსიტეტთან 2013 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს.
„ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის“ ონლაინ საზაფხულო სკოლა
ანდეღს, პეიჯ, აიშუ, მაქს, კატალინა.... ჩემი ზუმის პლატფორმა 8 განსხვავებული ქვეყნის/შტატის, რჯულის, კულტურისა და ასაკის ახალგაზრდას ერთი საერთო „ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის“ ქვეშ აერთიანებს. ონლაინ საზაფხულო სკოლა სტუდენტებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უამრავ საინტერესო აქტივობას გვთავაზობდა. ჩემი პროგრამის სახელწოდება „Communication Française“ (ფრანგულენოვანი კომუნიკაცია) გახლდათ, გაკვეთილები ყოველ სამუშაო დღეს 15:00-18:00-მდე მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელი ზაფხულის 4 კვირა, კვირაში 5 დღე და დღიურად 3-3 საათი მე და ჩემი ინდოელი, პოლონელი, ამერიკელი, იტალიელი, ბელგიელი, ბრიტანელი და ესპანელი მეგობრები საფრანგეთის ვიწრო ქუჩებსა და კრუასანის მადისაღმძვრელ სურნელში ვიკარგებოდით...
სიმართლე გითხრათ, ონლაინ საზაფხულო სკოლისადმი ჩემი მოლოდინი ფრანგული ენის გაუმჯობესებას არ სცდებოდა და არ წარმომედგინა თუ პროგრამა ენის უკეთ ათვისებასთან ერთად სუფთა, ტრადიციულ ფრანგულ ტოსტებსა და კრეპებს მომამზადებინებდა, ფრანგულ სიმღერებს მამღერებდა და ვირტუალურად ლუვრის მუზეუმსაც დამათვალიერებინებდა.
ყოველ ორშაბათს ახალი, ინტერაქციული და საინტერესო აქტივობებით ვიწყებდით. მაგალითად, პირველ კვირას თითოეულ სტუდენტს ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთზე პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინა. მე, როგორც საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა, პრეზენტაცია ფრანგული და ქართული კულტურის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე გავაკეთე, ვისაუბრე კლიშეებზე, სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე. პრეზენტაციები ყოველ დღე გვქონდა, მას დისკუსია და პრეზენტატორის შეფასება მოჰყვებოდა, ჩემი საყვარელი ნაწილი კი მეორე საათზე იწყებოდა, როცა ლანჩის შესვენების შემდეგ ყველა ყავით (მერი, როგორც ნამდვილი ბრიტანელი, აუცილებლად ჩაით) ხელში ვბრუნდებოდით და ფრანგულად სხვადასხვა სოციალურ საკითხზე ვმსჯელობდით. დასასრულს კი, oh là là, აუცილებლად გრამატიკითა და პროფესორის მიერ არჩეული ფრანგული ანიმაციით ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. მე-4 კვირის ბოლო დღეს ზეპირი გამოცდა გვქონდა, რომელსაც ასევე ახლდა პროფესორის მიერ სტუდენტების ინდივიდუალური, დეტალური შეფასება და სამომავლო რჩევები.
მოკლედ რომ ვთქვა, ონლაინ საზაფხულო სკოლამ სტრესული და მძიმე ივლისის თვე გამიფერადა, ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის გავლებული საზღვრები ვირტუალურად მომაშლევინა და ფასდაუდებელ ცოდნასთან ერთად 8 უძვირფასესი მეგობარი შემაძენინა. ამ წარმატების ისტორიის უკან კი კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალი და დეკანი დგას, რომელთა რეკომენდაციისა და ჩემი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით „ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა“ საშუალება მომცა პროგრამაში სრულიად უსასყიდლოდ ჩავრთულიყავი.
Voilà, ეს ჩემი ოთხკვირიანი ონლაინ საზაფხულო სკოლის მოკლე ისტორიაა, რომლის წერის დროსაც ახლა ვხვდები, რომ სახეზე ღიმილი არ მომშორებია და თუ გეტყვით, რომ ბოლო გაკვეთილზე ქუდებიც ავყარეთ და ცრემლებიც გადმოვუშვით მე და აიშუმ, ალბათ თქვენც ჩაგეღვრებათ სხეულში რაღაც თბილი, ფრანგული სითხე, რაც დანამდვილებით გეტყვით, რომ მათი ტრადიციული სასმელი“le vin rouge“-ია. ახლა კი, თუ გზააბნეული ვერ პოულობთ „La Piscine Museum“-ს ან ფრანგული ომლეტის დაგემოვნება გსურთ, იცით როგორ უნდა მიპოვოთ, დღეს ხომ zoom-ით ფერადი მაკარუნებისა და კრუასანის გაზიარებაც შეიძლება ფინჯან ყავასთან ერთად.
-სოფიო შარაძე