საჯარო ლექცია - „მშობიარობა, როგორც ხელოვნება“

14 მაისი 2024

14 მაისს, 13:00 საათზე,  კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე  „მშობიარობა, როგორც ხელოვნება“. 

 

საჯარო ლექციას გაუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, პროფესიონალი ერიქსონის ქოუჩი საერთაშორისო სერტიფიკატით (კანადა), საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლოგოთერაპევტი (საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი, ავსტრია), ერთადერთი ლოგოთერაპევტი ამ მომენტისთვის კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში და ამ მიმართულების შემომტანი - კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი (საერთაშორისო ასოციაციის წევრი), კავკასია-აზიის დოულების ასოციაციის პრეზიდენტი (ევროპის დოულების ასოციაციის წევრი, ამერიკის ასოციაციის წევრი), პირველი ქართველი დოულა, რეკრუტინგული კომპანია „ბრაით მაინდ“-ის დამფუძნებელი/დირექტორი, ნინო ბერძნიშვილი.


 
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება დოულების წარმოშობის ისტორია, განვითარება და პოზიცია მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში, სპეციალობის თავისებურებები და ასპექტები, სარგებელი ქალისთვის, კვლევები და მტკიცებულებები, ქალისა და დოულას უფლება-მოვალეობები. 


 
ვინ არის დოულა?


ტერმინი „დოულა“ სათავეს ანტიკური საბერძნეთიდან იღებს და „ქალის მსახურს“ ნიშნავს. ამჟამად, დოულა მთელ მსოფლიოში აპრობირებული, მიღებული და საჭირო სპეციალობაა. დოულა სთავაზობს ქალს ემოციურ, ფიზიკურ, საინფორმაციო მხარდაჭერას ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი ადრეული პერიოდის განმავლობაში. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მშობიარობა დოულასთან ერთად ზრდის მშობიარობის პოზიტიურ გამოცდილებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ქალის, ახალშობილისა და მთელი ოჯახისთვის.


 
CADA (Caucasus-Asia Doula Association) პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც პროფესია დოულა საქართველოსა და რეგიონში შემოიტანა. ამასთანავე, მოიპოვა ევროპისა და ამერიკის ორგანიზაციების (EDN, DONA International) აღიარება და სრულუფლებიანი წევრობა. მათი მიზანია დოულების მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა და საერთაშორისო დონის მომსახურების დანერგვა.


 
ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.