საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიული ცენტრის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება.
28 მაისს, მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცერემონიაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელმაც გასტრონომიის აკადემიის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კვლაიფიციური კადრების მომზადებას ამ სფეროში, არამედ ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულინარიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ-დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტმა ანდონი ორტუსარმა, ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა იდოია კალეხამ და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.
ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი ლევან სუხიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს. პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. აკადემია სტუდენტებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა, ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში. სასწავლო ცენტრში პროგრამებს ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. ცენტრში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე.