2023 წლის, გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაიწყო ახალი სასწავლო კურსი „მედიაწიგნიერება და მოქალაქეობა“.
კურსის მიზანია, ერთის მხრივ ხელი შეუწყოს სტუდენტთა მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, განუვითაროს მათ მედიაწიგნიერების კომპეტენციის სასკოლო საგნებში ინტეგრირების პრაქტიკული უნარები.
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან როგორც ტრადიციული ასევე ახალი მედიის ღია თუ ფარული გზავნილების ამოცნობას, მედიის გზავნილების დეკონსტრუქციასა და კრიტიკულ ანალიზს, მედიის პოლიტიკური თუ კომერციული მიზნებისა და საზოგადოებაზე მათი გავლენების კრიტიკულად გააზრებას. კურსის განმავლობაში სტუდენტები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარებს, რომელთა მეშვეობით შეძლებენ მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირებას საქართველოს სკოლების საკლასო ოთახებში.
პროექტი კავკასიის განათლებისა და მედიის სკოლების თანამშრომლობით ხორციელდება. სასწავლო კურსის ავტორი და ფასილიტატორი არის კავკასიის მედიის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ჯოლოგუა.
სასწავლო კურსი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, ხოლო მომავალში არის განზრახვა, რომ ის გახდეს პროგრამის სავალდებულო ნაწილი. სასწავლო კურსის აქტუალურობაზე და ხარისხზე ყველა კარგად მეტყველებს სტუდენტების ინტერესი და დასწრება. ანალოგიური სასწავლო კურსის განხორციელებას კავკასიის განათლების სკოლა სხვა პროგრამების ფარგლებშიც გეგმავს, როგორც პედაგოგიკის, ასევე მართვის სპეციალისტებისთვის.