დეკანის მიმართვა

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და მისი კურსდამთავრებულების 91% დასაქმებულია საკუთარი პროფესიით წამყვან პოზიციებზე.

 

სტუდენტებს ვთავაზობთ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია ჯანმრთელობის მართვის დარგში თანამედროვე სტანდარტებისა და ჯანდაცვის სისტემების მართვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენი მიზანია მაღალკვალიფიციური, ეთიკური ლიდერების და მენეჯერების მომზადება. 

 

ჯანდაცვა, ერთ-ერთი რთულად სამართავი და მრავალწახნაგოვანი სფეროა, ჩვენი კურსდამთავრებულები კი, აღნიშნული სფეროს მართვას მარტივად ართმევენ თავს კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით.

 

2018 წლიდან სკოლას შეემატა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა, რომელიც ეფუძნება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს.

 

2020 წლიდან, პროგრამას აქვს ECFMG-ის აკრედიტაცია, რაც გულისხმობს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს ეძლევათ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამერიკისა და კანადის რეზიდენტურის გამოცდებში.

 

2021 წლიდან დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამას მიენიჭა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია. პროგრამა უზრუნველყოფილია როგორც კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიებით, ასევე სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიით.

 

კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პარტნიორები არიან ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებები: ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი, ავერსი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რეიმანი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, მე-5 კლინიკური საავადმყოფო „ღია გული“ და სხვა.

 

დღეს, როდესაც მედიცინისა და ჯანდაცვის სფერო ასე სწრაფად ვითარდება, ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ ამ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავდეს პროფესიონალი ექიმები და ჯანდაცვის მენეჯერები.

 

მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი

გიორგი მახარაშვილი