12 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები".
კონფერენციას მერამდენე წელია ხელმძღვანელობს ქალბატონი ნაირა ბეპიევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
კონფერენციაში ქართველი და უცხოელი უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორებთან და მკვლევარებთან ერთად მონაწილეობდნენ ვლადიკავკაზიდან და ცხინვალიდან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ წარადგინა მოხსენება “ჯანმრთელობის დიპლომატია“ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის საუკეთესო მექანიზმი”.
მომხსენებელმა ისაუბრა ჯანმრთელობის დიპლომატიის როლზე ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში, რომელიც შეიძლება იქცეს ძლიერი ხიდად და რომელიც მოიტანს თანადგომას, თანამშრომლობას და საერთო ინტერესების დაცვას.
საქართველომ მე-20 საუკუნის დასასრულს თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი გადაიტანა. ამ ურთულეს პერიოდში კონფლიქტის ორივე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მედიცინის სფეროში ერთობლივად მოღვაწეობდნენ და რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა და არა ეთნიკური კუთვნილება იყო მთავარი ღირებულება.
ამ მიმართულებით 1990-იანი წლებიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე) მჭიდროდ თანამშრომლობდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან (მინისტრი ჯემალ ჯიკაევი), ცხინვალის რეგიონის სამედიცინო სამსახურთან და ქურთას საავადმყოფოსთან, რომელთა ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის პირობებში ფორმირებულ იქნა სამედიცინო დიპლომატიის სტრატეგია, რომელიც, ქვეყნის ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მოიცავდა კონფლიქტურ რეგიონებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპონენტებს.
1997 წლიდან მოქმედი „სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ცხინვალის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის რაიონული საავადმყოფოები და სასოფლო ამბულატორიები.
1999 წლიდან ამოქმედდა „ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის განხორციელებაში მონაწილეობდა ცხინვალის სამი სამედიცინო დაწესებულება _ რესპუბლიკური საავადმყოფო, სამშობიარო სახლი და ბავშვთა პოლიკლინიკა. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ 1999 წელს ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებს გადაურიცხა 179,9 ათასი ლარი, 2000 წელს – 156,1 ათასი ლარი, ხოლო 2001 წელს – 175,9 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში, 2001 წელს მომსახურება ჩაუტარდა 553 ორსულს და 546 ფიზიოლოგიურ ახალშობილს, სტაციონარული მომსახურება – 674 პაციენტს, ამბულატორიული მომსახურება – 0-3 წლის ასაკის 12 249 ბავშვს.
ჯანმრთელობა არის ნეიტრალური და უნივერსალური ღირებულება, რომელიც არ განეკუთვნება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს ან პოლიტიკურ მხარეს. ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობა სერიოზულ წინსვლას წარმოადგენს, რადგან ის უზრუნველყოფს პირდაპირ კონტაქტებს ადამიანებს შორის და ამცირებს უთანხმოებას. სამედიცინო დახმარების გაწევა, ჯანდაცვის პროგრამების თანადაფინანსება და საერთო ინფრასტრუქტურის შექმნა ხელს უწყობს საერთო ინტერესების და ნდობის გაძლიერებას.
ქართულ-ოსურ ურთიერთობებში მედიცინის როლი მეტ-ნაკლებად ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საზოგადოებას, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში, პროფესიულ თუ ადამიანურ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებზე. ჯანმრთელობის დიპლომატია, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობის მოდელი, თავის წვლილს შეიტანს იმ ტრანსფორმაციულ პროცესებში, რომელიც ადრე თუ გვიან გარდაუვლად დადგება ქართული და ოსური საზოგადოებების წინაშე.