12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, თენგიზ ვერულავას წიგნის „ჯანდაცვის პოლიტიკის,, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე.
პრეზენტაციაზე ავტორმა განიხილა ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პერიოდში. რეფორმების მსვლელობისას მრავალი კითხვები ისმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მუშაკებისათვის, სისტემის მენეჯერებისათვის და რომელთაც შეისწავლის ჯანდაცვის პოლიტიკა. ცხადია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია კარგად განსწავლული კადრების გარეშე, რომელთა საფუძვლიანი მომზადება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის აშკარა ნაკლებობა წარმოადგენს. წარმოდგენილი წიგნის უმთავრესი მიზანია ამ პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა.
თენგიზ ვერულავა არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა მიანიჭა „წლის საუკეთესო მეცნიერის“ ჯილდო. არის თხუთმეტზე მეტი წიგნისა და ოთხასამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში (იხ., SCOPUS პროფაილი).
წიგნი გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში.
წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის. წიგნი სასარგებლო რესურსია ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებების აკადემიურ პროგრამებში ჩართული ლექტორებისა და სტუდენტებისათვის.
წიგნის ანოტაცია
წიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური მომსახურება, გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურება), დაავადებათა პრევენცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, ბევერიჯის მოდელის, შერეული მოდელის, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების თავისებურებები, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეტაპები.