რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კვლევის შედეგების პრეზენტაცია

31 მაისი 2024

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის“ გამარჯვებული პროექტის „პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა დროულ მკურნალობასა და ჰოსპიტალიზაციაში საქართველოში“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

 

კვლევითი პროექტი წარადგინეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა ლიკა არაყიშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების შესწავლას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მკურნალობის და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დროულობაში.

 

ოჯახის ექიმი დიდ როლს ასრულებს სტენოკარდიული ტკივილის მქონე პაციენტების მართვასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე მიმართვაში. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები უშუალოდ უკავშირდებიან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ოჯახის ექიმთან კონტაქტის გარეშე. ავადმყოფობისას პაციენტების მხოლოდ 11%-მა მიმართა ოჯახის ექიმს, რაც მეტყველებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის არასათანადო დონეზე განვითარებაზე. პაციენტების 95.8%-ს, რომლებმაც სიმპტომების დაწყებისას პირდაპირ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს მიმართეს 2 საათზე ნაკლები დასჭირდათ გადაუდებელი სერვისის მიღებას. თუმცა, პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციამდე დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს ჰქონდათ შედარებით ნაკლები დაგვიანების დრო და შესაბამისად ადრე, მაქსიმუმ 6 საათამდე მიმართეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სამსახურს, ვიდრე იმ პაციენტებმა, რომლებმაც თვითმკურნალობას მიმართეს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ოჯახის ექიმები სათანადოდ აღიქვამენ სიმპტომებს და ცდილობენ საჭიროების შემთხვევაში დროზე მიმართონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს. თვითმკურნალობის დროს, რომელსაც დიდი წილი უკავია (n=98, 22.5%), შედარებით მაღალია გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე დაგვიანების დრო (n=90, 66.7%). რეკომენდირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს გულმკერდის ტკივილის მქონე პაციენტების ინფორმირებულობის ამაღლებას, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს. იმ შემთხვევაში, როდესაც დისკომფორტი მცირეა, უფრო მიზანშეწონილია ოჯახის ექიმთან კონსულტაცია.

 

ნაშრომი გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია.“

 

იხილეთ სტატიის ლინკი.