თენგიზ ვერულავას წიგნის პრეზენტაცია

24 ნოემბერი 2020

24 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე   ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით გაიმართა   ონლაინ კონფერენცია „ფონდის მიერ დაფინანსებული ახალი გამოცემების პრეზენტაცია - აქტუალური კვლევები  სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით”. 

 

ღონისძიება ჩატარდა   2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის  ფარგლებში.

 

კონფერენციაზე შედგა ჯანდაცვის ეკონომისტის, მედიცინის დოქტორის, პროფესორის თენგიზ ვერულავას წიგნის “ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა" პრეზენტაცია.

 

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტით (SP-19-203).

 

წიგნში განხილულია საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წინაშე მდგარი ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ჯანმრთელობა როგორც უფლება თუ პრივილეგია; ჯანმრთელობა, ადამიანური კაპიტალი და ეკონომიკური ზრდა; საბაზრო ურთიერთობების თავისებურებები ჯანდაცვის სექტორში; საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები; ჯანდაცვის ხარჯები საქართველოში, მისი ზრდის მიზეზები და შეკავების მექანიზმები; პირველადი ჯანდაცვის განვითარების პრობლემები; ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების (შინმოვლის) განვითარების პრობლემები; საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გამოწვევები და კონკურენტული სადაზღვევო სისტემის, მართული კონკურენციის მოდელის თავისებურებები; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო სამედიცინო დაზღვევის როლი; უნივერსალური ჯანდაცვის მსოფლიო გამოცდილება; არამომგებიანი საავადმყოფოების განვითარების პრობლემები საქართველოში; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელი - მესაკუთრეობის ინოვაციური ფორმა ჯანდაცვაში; პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების მეთოდები; საავადმყოფოს გლობალური ბიუჯეტით და დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების თავისებურებები; სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობა; ადამიანური რესურსების პრობლემები ჯანდაცვის სექტორში; სამედიცინო ტურიზმი პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები.

 

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამ გაზარდა მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობა, ისევ პრობლემად რჩება ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების დიდი წილი, პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების ეფექტური თანაარსებობის გამოუყენებლობა, სამედიცინო ორგანიზაციების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმების განუვითარებლობა, ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ეფექტური, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდების დანერგვისა და სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების შემოღების საჭიროება, სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება (ექიმების სიჭარბე, ექთნების დეფიციტი) და დაბალი ანაზღაურება, მათი უფლებების დაუცველობა.

 

წიგნი მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენა საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გათვალისწინებით და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა.

 

წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და  ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.