პროფესორ თენგიზ ვერულავას სტატია აშშ-ის რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

19 მაისი 2022

 

აშშ-ის საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „Journal of Neonatal-Perinatal Medicine“ გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია „Epidemiological characteristics of neonates born to mothers infected with COVID-19: A single-centre observational study“. იხილეთ სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Journal of Neonatal-Perinatal Medicine“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 1.4. 

 

სტატია ასევე გამოქვეყნდა PubMed-ში, აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCBI) სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე

 

COVID-19 დაავადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე და ახალშობილები შეიძლება დაინფიცირდნენ SARS-CoV-2-ით ვერტიკალური ან ჰორიზონტალური გადაცემის გზით.  SARS-CoV-2 ინფექციის შესახებ ახალშობილებში, რომლებიც დაიბადნენ COVID-19-ით დაავადებული დედებისგან, ცოტა რამ არის ცნობილი. ექსპერტები ხაზს უსვამენ ახალშობილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას დედასთან ადრეული კონტაქტის სარგებლის შეზღუდვის გარეშე. კვლევის მიზანი იყო SARS-CoV-2-ით ინფიცირებული დედებისგან დაბადებული ახალშობილთა ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების გამოკვლევა. თბილისის პერინატალური ცენტრის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჩატარდა დაკვირვებითი, პროსპექტული კოჰორტული კვლევა. ინფორმაცია შეგროვდა SARS-CoV-2-ით ინფიცირებული დედებისგან დაბადებულ ახალშობილთა სამედიცინო ისტორიების შესწავლით და პირადი დაკვირვებით. კვლევა მოიცავდა 38 ახალშობილს COVID-19 ინფექციის საეჭვო (n=16; 42.1%) და დადასტურებული (n=22; 57.9%) შემთხვევებით, რომლებიც მკურნალობდნენ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კვლევამ არ გამოავლინა SARS-CoV-2 ინფექციის ვერტიკალური გადაცემის რისკი და დაადასტურა ინფექციის ჰორიზონტალური გადაცემის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი (n=25; 66%). კანი-კანთან კონტაქტი (შიშველი ჯანმრთელი ახალშობილის დედის სხეულზე მოთავსება) განხორციელდა ახალშობილთა 68.7%-ში, 26.3%-მა მიიღო დედის რძე. შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალშობილებში ინფექციის ჰორიზონტალური გადაცემის პრევენცია უნდა იყოს პრიორიტეტული. რეკომენდებულია ახალშობილის და დედის კანი-კანთან კონტაქტი და დედის რძის მიღება, დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ჰიგიენის წესების დაცვით და ინფიცირებული დედის მიერ ნიღბის გამოყენება ახალშობილთან კონტაქტისას.

Verulava, T. and Galogre, N. ‘Epidemiological Characteristics of Neonates Born to Mothers Infected with COVID-19: A Single-centre Observational Study’. 1 Jan. 2022 : 291 – 295.