თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

12 ივლისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია "Development of public health in Georgia: Challenges and policy issues" გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Archives of the Balkan Medical Union

 

სტატიის ლინკი: https://umbalk.org/wp-content/uploads/2022/06/07.DEVELOPMENT-OF-PUBLIC-HEALTH-IN-GEORGIA.pdf

 

Verulava, T. Jorbenadze A. Development of public health in Georgia: Challenges and policy issues. Archives of the Balkan Medical Union. 57(2):179-184.

 

ჟურნალი „Archives of the Balkan Medical Union“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. CiteScore - 0.8

https://www.scopus.com/sourceid/100850

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფს დაავადებათა პრევენციას, ჯანმრთელობის ხელშეწყობას. დაავადებათა ეპიდემიოლოგიის შესწავლით შესაძლებელი ხდება რესურსების რაციონალური და ეფექტური მიმართვა პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. 1995 წელს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაწყებული რეორიენტაციის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ მიდგომას, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში პრევენციული მედიცინის ერთიანი მექანიზმების ასამოქმედებლად და სახელმწიფო ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების ასამუშავებლად. რეორგანიზაციის პროცესში უმთავრესი აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრევენციულ მოდელზე. ჩამოყალიბდა ევროპულ პრინციპებზე აგებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში განისაზღვრა სამი ქვედანაყოფი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პროფილაქტიკის ცენტრი, სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრი. დეცენტრალიზაციის მიზნით ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორდონიანი სამსახურების სისტემა ცენტრალურ დონეზე და ადგილობრივ/მუნიციპალურ დონეზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება გადანაწილებული იყო ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, ხოლო მენეჯმენტი და ადმინისტრირება - ცენტრალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუგარის ცენტრის შექმნა, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა კავკასიის რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის. ამოქმედდა ჯანმრთელობის ხელშეწყობის, მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებათა მართვის სისტემა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეორგანიზაციის გატარებაში უმთავრეს სირთულეს წარმოადგენდა სახელმწიფო პროგრამების არასრული დაფინანსება.  ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს, რადგან სახელმწიფო ხშირად ვერ ახდენდა დაპირებული ვალდებულებების დაფინანსებას. გამოწვევას წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობების სუსტი ინტეგრაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფუნქციების შესასრულებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ეპიდზედამხედველობის მოწესრიგებისა და დაავადებათა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მხრივ, ასევე ეპიდსიტუაციის პროგნოზირებისა და ადექვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების და გატარების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი განსაკუთრებით იზრდება თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც აქტუალური გახდა ინფექციური დაავადებების ეპიდემიები და პანდემიები. იგი მოითხოვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების როლის ზრდას და ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.