კავკასიის უნივერსიტეტში NISPAcee-ის 2024 წლის 32-ე ყოველწლიური საერთაშორისო პროფესიული კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“ - დაიწყო. NISPAcee არის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალთა ქსელი და განათლების, ტრენინგების და კვლევების მეშვეობით აქტიურად უწყობს ხელს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ ქსელის (NISPAcee) ამჟამინდელი პრეზიდენტი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობიაა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 200-მდე რექტორი, დეკანი, პროფესორი, მკვლევარი, დოქტორანტი და პრაქტიკოსი NISPAcee-ის რეგიონიდან. კონფერენცია თავის მხრივ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ქართველი მეცნიერების მეტად ინტეგრირებისთვის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სამუშაო შეხვედრები, პლენარული სხდომები და დისკუსიები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მთავარი თემის ფარგლებში პრეზენტაცია წარმოადგინა მაღალი დონის სპიკერმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიჯიტალიზაციის საკითხებში, კატერინა ჩერნოჰორენკომ (Kateryna Chernohorenko). მან ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით უკრაინაში ომისა და ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სტრატეგიაზე და მიმდინარე მოვლენების მართვის სპეციფიკაზე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიოში უკრაინის ციფრული მმართველობის მიღწევებს, რომელიც რუსეთის სასტიკი სამხედრო აგრესიის მიუხედავად ვითარდება და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით მოქალაქეებისთვის ელექტრონული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის მიმართულებით.
კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსთვის თემატიკის გათვალისწინებით, ვინაიდან საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში წარმოადგენს ე. წ. ფუნდამენტურ საკითხს.
2024 წლის NISPAcee-ის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა ეხება აქტუალურ საკითხს: პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციას. კონფერენცია გადახედავს და შეაჯერებს ცვალებად პერსპექტივებს პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციაში საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების როლის შესახებ. კონფერენცია შეაფასებს ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს შენების დაგროვილ გამოცდილებას, გადახედავს და შეაჯერებს ზოგიერთ საუკეთესო პრაქტიკას. ასევე, კონფერენციის მიზანია გათვალისწინებულ იქნას აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები: დიჯიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი და ამგვარად შეაჯეროს პოსტ-კონფლიქტური მართვისა და ადმინისტრირებისთვის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული მიდგომები, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, ასევე რეგიონს მიღმა.
მთავარი თემის გარდა კონფერენციის ფარგლებში ცხრა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი მუშაობს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების წამყვან საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, იმართება საქართველოსთვის და რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ვორქშოფები და პანელური შეხვედრები საჯარო მმართველობის სფეროთი დაინტერესებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობთ, რის შესახებაც ინფორმაცია პერიოდულად გავრცელდება.
ქსელში ამჟამად გაწევრიანებულია რეგიონის 100-მდე მეტი უნივერსიტეტი, ხოლო ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო მმართველობის სფეროს ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა EGPA, EAPAA, IASIA-IIAS, UN DESA, ASPA, NASPAA, და სხვა.
ქსელის წევრები ათწლეულებია ავითარებენ საჯარო მმართველობის სფეროს და აყალიბებენ დისციპლინის საგანმანათლებლო და პრაქტიკულ დღის წესრიგს.