პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე
2023 წლის,შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში დაფინანსდა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. ექსპედიცია განხორციელდა 24–30 აგვისტოს.
ექსპედიციას ჰქონდა სასწავლო, კვლევითი და შემეცნებითი ხასიათი. იქ, ტაო-კლარჯეთში მყოფმა სტუდენტებმა სხვაგვარად გაიაზრეს უკვე წაკითხული და მანამდე ვირტუალურად წარმოდგენილი უძველესი საქართველო, დარწმუნდნენ, რომ ჩვენს წინაპრებს საუკუნეების წინ გამორჩეული კულტურის, ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული წიგნიერი გარემო ჰქონდათ. გრიგოლ ხანძთელი კი იყო ამგვარი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი აღმშენებელი, წიგნიერების ამღორძინებელი, მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნება.
ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის კვლევის საუკეთესო მაგალითების მიუხედავად, პროექტის მიზანი იყო მოპოვებული დიალექტური თუ ფოლკლორული მასალის საფუძველზე ახლებური, ღირებული, საინტერესო დასკვნების წარდგენა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. კითხვარების, აუდიო და ვიდეომასალის დამუშავების შემდეგ, პროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას და კვლევითი შედეგების გაზიარებას.
სტუდენტებს მომზადებული ჰქონდათ საჯარო ლექციები და ყოველმა მათგანმა აკადემიურად, სანდო წყაროებზე დაყრდნობით წარადგინა საპრეზენტაციო თემა. შთამბეჭდავი იყო „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტის დეკლარირებით გაცოცხლებული ეპოქა ხანძთის მონასტერში...
მოვინახულეთ ქაჯის ციხე, ბანა, იშხანი, პარხლის მონასტერი, ოთხთა ეკლესია, ხახული, ოშკი, შატბერდი, არტანუჯის ციხე, ოპიზა, დოლისყანა, ხანძთა, ნუკას ტაძარი, ტბეთის მონასტერი, სათლეს ციხე... ვიყავით სხვადასხვა ქართულ სოფელში: ხევეკში, ქობაქში, ბაზგირეთში, უსტამისში, შერთულში, ხევწვრილში... განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო „მარიობის“ დღესასწაული საზგირელზე, სადაც ძიოსიდან, ივეთიდან, იფხრეულიდან, დიობანიდან, ხევწვრილიდან, ზაქიეთიდან, უბედან და სხვა სოფლებიდან იკრიბებიან ეთნიკური ქართველები და ყველგან ისმის ქართული სიტყვა, ქართული სიმღერა. გამორჩეულ ქართველებთან შეხვედრებმა, შეიძლება ითქვას, ექსპედიციის მონაწილეთა მსოფლმხედველობა შეცვალა.
ექსპედიციის წევრები იყვნენ: პროფ. ეკა ჩიკვაიძე, ასოც. პროფესორები: ჭაბუკი ქირია და ელისო მაჩიტიძე; ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. როინ მალაყმაძე, ისტორიკოსი ნიკა ცხომელიძე და სტუდენტები: ელენე ჯაფარიძე, ელენე ბერიძე, ლიზი მიქელთაძე, სალომე ეზიაშვილი, თეკლა სიხარულიძე, მარიამ გულისაშვილი, ნანუკა კოხოძე, დეა ბაძაღუა, ნია გელაშვილი. ექსპედიციის სათანადოდ დაგეგმვაში განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა ასოც. პროფესორს - ლევან წიქარიშვილს.
ექსპედიციის საპატიო მონაწილე იყო გამორჩეული პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებული გამოცდილება იყო სტუდენტებისათვის. პროექტი „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“ განხორციელდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამონაწილეობით, სადაც ეთერ თათარაიძე ხელმძღვანელობს ზეპირსიტყვიერების მიმართულებას.