სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომიკა და ბიზნესი“

11 იანვარი

საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი "ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა საქართველოში: განვითარების ბარიერები"

ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ ინდექსირებულია EBSCO-ს და ERIHPLUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.

 

ნაშრომის ავტორებია თენგიზ ვერულავა (მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის პროფესორი) და ავთანდილ ჯორბენაძე (მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე). 

 

რეზიუმე:

ნაშრომის მიზანია 1995 წელს საქართველოში ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვის აუცილებლობის შესწავლა, კერძოდ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის (ბისმარკის მოდელი) და არა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელი და რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული მისი განვითარება? – სოციალური დაზღვევის სისტემა უფრო მეტად არის ორიენტირებული საბაზრო მექანიზმების დანერგვაზე, სადაც პასუხისმგებლობა ჯანმრთელობაზე თანაბრად და სამართლიანად გადანაწილდება სახელმწიფოზე, დამქირავებელსა და დაქირავებულზე. მიუხედავად მიღწევებისა, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს. 2004 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა სოციალური დაზღვევის სისტემის დანერგვაზე და გადავიდა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელზე, რომელიც გამორიცხავს დაზღვევის პრინციპს, რადგან სახელმწიფო დომინანტურ როლს ასრულებს, ხოლო დაზღვევის ნაცვლად, ჯანდაცვა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგივე გაგრძელდა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაზე უკეთ ახდენს  ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებას და შესაბამისად მდგრად დაფინანსებას, მიზანშეწონილია ქვეყანაში სოციალური დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და მემკვიდრეობითობას. 

 

სტატია იხილეთ ბმულზე 

 

ავთანდილ ჯორბენაძე, თენგიზ ვერულავა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა საქართველოში: განვითარების ბარიერები. ეკონომიკა და ბიზნესი. (2). 2021.