მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში

 

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფორმალურ სასკოლო განათლებაში ინტეგრაციის ექსპერიმენტირებასა და შედეგების შესწავლას. კვლევის მეთოდოლოგიური დიზაინი ეყრდნობა სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვით შეიქმნება ორიგინალური ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსები მედიაწიგნიერების თემაზე, რომლებიც დაურიგდება სამოქალაქო განათლების მოქმედ მასწავლებლებს, რის შემდეგაც მოხდება მონაწილე მასწავლებელთა მიერ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების სიხშირისა და ხარისხის შესწავლა. კვლევის ძირითად მეთოდს წარმოადგენს მონაწილეობითი დაკვირვება. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზისთვის ასევე გამოყენებული იქნება რაოდენობრივი და თვისებრივი ინტერვიუს მეთოდები.

 

კვლევის შედეგები მოიცავს კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის შექმნას საქართველოს ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების გზებისა და პრაქტიკის შესახებ, ორიგინალური ქართულენოვანი პრაქტიკული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ექსპერიმენტის შედეგების შესწავლას, რაც ღირებულ წყაროს შექმნის სამომავლო კვლევებისთვის და წვლილს შეიტანს მედიაწიგნიერების საკითხების როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ და გლობალურ კვლევაში.

 

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა.